ანზორ ბიწაძე - შეიძლება ნათლად ითქვას, რომ ვენეციის კომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან კანონმდებლობა

შეიძლება ნათლად ითქვას, რომ ვენეციის კომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან კანონმდებლობა, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანზორ ბიწაძემ ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ბიწაძემ აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის შეფასებებს გაითვალისწინებს.

„ნათელი იყო, როგორი იქნებოდა ვენეციის კომისიის დასკვნა. ცოტა უხერხულიც კია, როდესაც გვჭირდება, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას დაველოდოთ მაშინ, როდესაც პარლამენტის რეგლამენტშია ძალიან ნათლად გაწერილი ეს პროცედურა. ვენეციის კომისიამ უბრალოდ მოგვწერა და გაგვაგებინა, რომ პარლამენტის რეგლამენტი უნდა დავიცვათ და პარლამენტის რეგლამენტის დარღვევა არ შეიძლება. იმედი მაქვს „ქართული ოცნება“ ამ დასკვნას გაითვალისწინებს. თუ არ ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტს, გაითვალისწინებს იმას მაინც, რომ ვენეციის კომისია მოუწოდებს მას, პარლამენტის რეგლამენტი გაითვალისწინოს. პარტიებისთვის რეგისტრაციის გაუქმება და ასეთი სიტყვებით საუბარი შუა აზიიდანაც აღარ ისმის ძალიან დიდი ხანია და ვფიქრობ, ძალიან გაუკვირდებოდათ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, როდესაც გაიგებდნენ, რომ რომელიმე პარტიის რეგისტრაციის მოხსნის მექანიზმებზე მსჯელობს მმართველი პარტია.

რაც შეეხება დაფინანსების შეზღუდვას, დაფინანსების შეზღუდვა რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, ძალიან ნათლადაა გაწერილი საქართველოს კანონმდებლობაში. თუ ამ დასკვნას არ გაითვალისწინებს „ქართული ოცნება”, ეს იქნება კიდევ ერთი ღიად და დეკლარირებულად გადადგმული ნაბიჯი ავტორიტარიზმისკენ”,- განაცხადა ბიწაძემ.

ცნობისთვის, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური პარტიების და არა ცალკეული დეპუტატების სანქცირება დაფინანსების 6 თვით შეწყვეტის სახით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპარლამენტო სხდომებისა და სესიების დიდ ნაწილს არ დაესწრებიან, არაპროპორციულად აღიქმება და წინააღმდეგობაში მოდის პარლამენტის რეგლამენტთან. როგორც კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, არაპროპორციულად აღიქმება საპარლამენტო რეგლამენტის შესწორების საკითხიც, რომელიც იმავე შემთხვევაში დეპუტატის ანაზღაურების დაქვითვას ითვალისწინებს.

ამასთან, ვენეციის კომისია ლიდერის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის გამო, პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნას „არაპროპორციულ ზომად“ მიიჩნევს და „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, კანონპროექტის მიღების საკითხს გადახედოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს