რელიგიის საკითხთა სააგენტომ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ძველი აღთქმის მეორე კანონიკური წიგნის „წიგნი გამოსვლათა (გამოსვლა)“ პრეზენტაცია გამართა

დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ სოციალური პროექტის, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ძველი აღთქმის მეორე კანონიკური წიგნის, „წიგნი გამოსვლათა (გამოსვლა)“, პრეზენტაცია გამართა, რომელსაც საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები, საქართველოს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლები, უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლა-პანსიონის პერსონალი დაესწრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, პრეზენტაციის მონაწილეებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე მიესალმა, რომელმაც ხაზი გაუსვა გამოცემის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სააგენტო ეცდება, დააკმაყოფილოს უსინათლოთა საზოგადოების წარმომადგენელთა თხოვნა და ბიბლიის შემდეგი წიგნების გამოცემა დაჩქარდეს.

„სააგენტო მეოთხე წელია ახორციელებს სოციალურ პროექტს - ბრაილის შრიფტით ბეჭდავს ინტერრელიგიურ კალენდარს, რითაც სრულად აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნილებას. ასევე, პერიოდულად ეხმარება 202-ე სკოლა-პანსიონს. ბიბლიის ბრაილის შრიფტით დაბეჭდვის იდეაც ბავშვებს უკავშირდებათ, გამოკთხვის თანახმად, უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულმა ბავშვებმა სწორედ ბიბლიის ბრაილის შრიფტით წაკითხვის სურვილი გამოთქვეს. შარშან რელიგიის სააგენტომ გამოსცა ბიბლიის პირველი თავი - დაბადება. „წიგნი გამოსვლათა (გამოსვლა)“ კი ძველი აღთქმის ხუთწიგნეულისა და ბიბლიის მეორე კანონიკური წიგნია, რომელიც ისრაელი ხალხის ეგვიპტეში ტყვეობიდან დახსნის ამბავს მოგვითხრობს“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო