დავით ზალკალიანი - სრული სისულელეა, რომ ასოცირების დღის წესრიგს შეგვიჩერებენ - ბრიუსელში ასეთი რამ არ განხილულა და არც იქნება

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ, საქართველოსთვის ასოცირების დღის წესრიგის გადახედვაზე საუბარი არ ყოფილა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განმარტა, ასოცირების დღის წესრიგის შეჩერებაზე საუბარი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი მცდელობაა.

ამასთან, ზალკალიანის თქმით, წელს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციამ უმაღლესი შეფასება მიიღო.

„ვინც ამას ამტკიცებს და ბმას აკეთებს ასოცირების შეთანხმების შეწყვეტასთან დაკავშირებით, არ მინდა ცუდი რამ გამოვიყენო, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მავნებლობა და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ სვლაა, მეტი არაფერი, რადგან მსგავსი რამ არ განხილულა და არც იქნება.

უშუალოდ მივიღე მონაწილეობა პრემიერ-მინისტრთან ერთად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომაში, ეს მეექვსე სხდომა იყო. წინა პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩემი გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ასეთი შინაარსიანი, კარგი, გამორჩეული საბჭო ჩვენ არ გვქონია. ეს რომ ასეა, ნახეთ ტექსტი, ერთობლივი დეკლარაცია, რომლის წაკითხვაც ყველაფერს ნათელს მოჰფენს. ჩვენი ევროპელი პარტნიორები სრულად უჭერენ მხარს იმ რეფორმებს, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების განხორციელების თვალსაზრისით, ასევე უსაფრთხოების, პოლიტიკური თანამშრომლობის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესრულების თვალსაზრისით. ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციამ უმაღლესი შეფასება მიიღო, ყველაზე პოზიტიური მას შემდეგ, რაც ასოცირების შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ. ამიტომ, სრული სისულელეა ის, რომ ასოცირების დღის წესრიგს შეგვიჩერებენ. ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი მცდელობაა.

რაც შეეხება დანიელსონის და მიშელის ჩართულობას, მივესალმებით, რომ ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირი საქართველოში ჩამოვიდა და უშუალოდ მისი მონაწილეობით მოხდა მედიაცია. ეს მიანიშნებს იმას, თუ რაოდენ მაღალ დონეზეა ევროკავშირისთვის საქართველოს თემატიკა და რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ქვეყანაში სტაბილურობა. ჩვენ ახლა იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ გრძელვადიან პოლიტიკურ კრიზისში შევიდეთ. შეხედეთ რა ხდება ჩვენს გარშემო რეგიონში. უამრავი გამოწვევა, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკის რეაბილიტაციის, პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, უსაფრთხოების კუთხით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციით, ჩვენ დაკავებული ვართ პარლამენტში შესვლა-არშესვლით და ვიღაცების დარწმუნებით, რომ პარლამენტში შედით. ეს არ არის სწორი და სამართლიანი შენი ქვეყნის მიმართ“,- განაცხადა ზალკალიანმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციური სპექტრი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე თამამ ნაბიჯებს გადადგამს და საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდება.

„იმედი მაქვს, ის საღი ძალა, რომელიც ოპონენტებს შორის არის და არა რადიკალური ფრთა, რომელსაც მძევლად უჭირავს დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი, შესაბამის დასკვნას გააკეთებს და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე თამამ ნაბიჯებს გადადგამს. მერწმუნეთ, ამას ქართველი ხალხი, მათი ამომრჩეველი შესაბამისად დააფასებს და დაინახავს “, - განაცხადა ზალკალიანმა.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა