დავით ზალკალიანი - ნატალი საბანაძესთან არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია - თემის ხელოვნურად პოლიტიზირება ხდება

ნატალი საბანაძესთან არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია - თემის ხელოვნურად პოლიტიზირება ხდება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ ნატალი საბანაძის მიერ ევროკავშირში საქართველოს ელჩის თანამდებობის დატოვების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ზალკალიანმა განმარტა, იყო შეთანხმება, რომ ასოცირების საბჭოს შემდეგ, საბანაძე საქმიანობის სხვა მიმართულებით გაგრძელებას აპირებდა.

„ნატალი საბანაძემ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა ახალი პოსტი, სადაც მკაფიოდ თქვა, რომ პირადი აზრი აქვს და ეს პირადი აზრი იყო გამოხატული. სამწუხაროდ, მისი ამ ნაბიჯის პოლიტიზირება ხდება. ნატალი საბანაძე იყო გამორჩეული ელჩი, რომელთანაც 8 - წლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს. 8 წელი საკმაოდ დიდი ვადაა ელჩისთვის. ელჩის საქმიანობის ვადა 4-5 წელია. გამომდინარე იქიდან, რომ პირველ ვადაში საბანაძე იყო წარმატებული, მნიშვნელოვანი შედეგები დადო ასოცირების მოლაპარაკების და თავისუფალი ვაჭრობის პროცესში, ასევე სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მას გავუგრძელეთ პირველი ვადა, მაგრამ ამოიწურა 8 წელი. მას ორ თვეში საქმიანობის 8 წელი უსრულდებოდა. ჩვენ შეთანხმებული ვიყავით, სანამ ასოცირების საბჭო გაიმართებოდა, რომ ასოცირების საბჭოს შემდეგ, ის აპირებდა საქმიანობის სხვა მიმართულებით გაგრძელებას. ეს იყო და ეს“, - განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ელჩი აპოლიტიკური ფიგურაა და არჩევანის თავისუფლება აქვს.

„ელჩი საერთოდ არ არის მოლაპარაკების პროცესში ჩართული და მათ შორის, არც მე. მოლაპარაკების პროცესში ჩართული არის პოლიტიკური პარტია. ელჩი არის აბსოლუტურად აპოლიტიკური ფიგურა და დიპლომატი. თუ კი მას რაიმე პოლიტიკური შეხედულება აქვს ბუნებრივია ყველა ელჩს არჩევანის თავისუფლება აქვს. მას შეუძლია დატოვოს თანამდებობა და გააგრძელოს საქმიანობა პოლიტიკური მიმართულებით“ , - განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, საბანაძის თემის პოლიტიზირება და სხვა საკითხებთან მიბმა ხდება და დაპირისპირებას ადგილი არჰქონია.

„მე 30 - წლიანი დიპლომატიური საქმიანობა მაკავშირებს უწყებასთან და 2008 წელს, როდესაც არ დავეთანხმე მაშინდელ ხელისუფლებას იმ გატარებულ პოლიტიკურ საგარეო კურსს და ასევე, შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით , მაშინ ელჩის პოზიციიდან კი არ დავიწყე კრიტიკა, გადავდექი და შევუერთდი პოლიტიკურ გუნდს, რომელიც დავაარსეთ ჩვენ თანაგუნდელებთან ერთად და გავაგრძელე პოლიტიკური საქმიანობა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ხდება ამ თემის ხელოვნურად პოლიტიზირება და რაღაც საკითხებზე მიბმა. ადამიანი გამოვიდა და თქვა, რომ არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა მისი ინტერვიუსი. არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, გეუბნებით როგორც მისი უშუალო ხელმძღვანელი და მინისტრი“ , - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ თანამდებობა დატოვა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს