სალომე ზურაბიშვილი - ამერიკის მთავარი გზავნილია, რომ ჩვენი პარტნიორობა გრძელდება - აშშ-სა და ევროკავშირს სტაბილური და უფრო დემოკრატიული საქართველო სჭირდებათ

ამერიკის მთავარი გზავნილი ის არის, რომ ჩვენი პარტნიორობა გრძელდება, საქართველო განაგრძობს ევროატლანტიკურ გზაზე სვლას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ის აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე გამართულ მოსმენას ეხმაურება.

პრეზიდენტის განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, ნათქვამია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის პროცესში ამერიკა და ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგანან და მხარდაჭერას უცხადებენ.

ამასთან, როგორც სალომე ზურაბიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, აშშ-სა და ევროკავშირს სტაბილური და უფრო დემოკრატიული საქართველო სჭირდებათ.

პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ყველა მხარეს უპირატესობა მიანიჭოს ქვეყნის და არა ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს.

„გუშინ ამერიკის სენატში გამართული მოსმენა კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისათვის საქართველოსთან ურთიერთობა და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ხელშეწყობა.

სენატორებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გამოთქმული გარკვეული შენიშვნების მიუხედავად, ამერიკის მთავარი გზავნილი ის არის, რომ ჩვენი პარტნიორობა გრძელდება, საქართველო განაგრძობს ევროატლანტიკურ გზაზე სვლას და აშშ მხარს უჭერს საქართველოს ამ მიზნის მისაღწევად საჭირო დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის პროცესში ამერიკა და ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგანან და მხარდაჭერას გვიცხადებენ. აშშ და ევროკავშირი სრულად იზიარებენ ეუთო-ს დასკვნას, რომლის თანახმადაც 2020 წელს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა.

ამერიკასა და ევროკავშირს სტაბილური და უფრო დემოკრატიული საქართველო სჭირდებათ, როგორც ძლიერი და საიმედო პარტნიორი გამოწვევებით სავსე რეგიონში.

კვლავ მოვუწოდებ ყველა მხარეს უპირატესობა მიანიჭოს ქვეყნის და არა ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს. შექმნილი კრიზისის გახანგრძლივება მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებისთვის არის ხელსაყრელი. ქვეყანას კი სჭირდება სტაბილურობა, რომლის მიღწევასაც მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებით და ახალი დემოკრატიული რეფორმების გატარებით შევძლებთ“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით