გიორგი ბარამიძე - არ გვიყვარს ივანიშვილი, მაგრამ ხომ არ ვამბობთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს - როგორ შეიძლება, სააკაშვილს არ შეეძლოს იყოს საკუთარ ქვეყანაში და პარტიასთან ერთად იბრძოლოს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაა, რომ რიგგარეშე არჩევნები ქვეყანაში წელსვე ჩატარდეს და „ამას ბევრი ოპოზიციური პარტია იზიარებს“.

როგორც ბარამიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ბიძინა ივანიშვილის თანასწორი შანსით დაუპირისპირდეს.

„როგორ მივდივართ ვადამდელ არჩევნებზე, ეს სხვა საკითხია და თუ იქნება გონივრული კომპრომისები, შესაძლებელია საუბარი, მაგრამ წინასწარ არანაირ პლებისციტზე არ ვსაუბრობთ.

ჩვენი ამოცანაა, რიგგარეშე არჩევნები წელსვე ჩატარდეს. არ გვაქვს დასაკარგი დრო და თუ ორივე მხარე - ხელისუფლებაც და ოპოზიციაც პასუხისმგებლობას გრძნობს, მაშინ ეს არჩევნები უნდა დაინიშნოს, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს. ამიტომაა ვადამდელი არჩევნები საჭირო. ხოლო ვადამდელი არჩვენების მეტ-ნაკლებად ნორმალურად ჩასატარებლად, როგორც მინიმუმ სამი პირობაა აუცილებელი - ქვეყანაში არ უნდა იყოს პოლარიზება და ხელისუფლება არ უნდა იჭერდეს მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს და ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი ტელევიზიის დამფუძნებელს. არ უნდა იყვნენ პოლიტიკური დევნილები. ჩვენ გვყავს პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელიც დევნილობაშია და არ აძლევენ საშუალებას, თანასწორ შანსიან კონკურენციაში დაუპირისპირდეს მთავარ ოპონენტს. აქეთაა ივანიშვილი, აქეთ უნდა იყოს სააკაშვილი - ეს არის სამართლიანი. თუ სააკაშვილი ვიღაცას არ უყვარს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენც არ გვიყვარს ივანიშვილი, მაგრამ ხომ არ ვამბობთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. იმათ არ უყვართ მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ როგორ შეიძლება თუ სამართლიანობაა, მიხეილ სააკაშვილს არ შეეძლოს საკუთარ ქვეყანაში იყოს და თავის პარტიასთან ერთად იბრძოლოს?“,- განაცხადა ბარამიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო