ლევან იოსელიანი - ოპოზიციაში მოინახება ქვეყანაზე შეყვარებული 17 ადამიანი, რომელიც პარლამენტში შემოვა და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს

ოპოზიციაში მოინახება ქვეყანაზე შეყვარებული 17 ადამიანი, რომელიც პარლამენტში შემოვა და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარს დაუჭერს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა გააკეთა.

იოსელიანმა ხაზგასმით განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში პოლიტიკური სპექტრის ჩართვა, "ვისთვისაც ქვეყანაში პოლარიზების დასრულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია".

იოსელიანის შეფასებით, პარლამენტში წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარის თქმა ქვეყნის ინტერესების ღალატი იქნება.

„მემორანდუმის თანახმად გვქონდა შეთანხმება, რომ დაინიცირდებოდა ცვლილებები, რომელიც 5%-იან საარჩევნო ბარიერს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სულ მცირე 3%-მდე დაწევდა და დატოვებდა სივრცეს იმისთვის, რომ 3%-იანი ბარიერიც იყოს მსჯელობის საგანი იმ პარტიებისთვის, ვისთვისაც კიდევ უფრო დაბალი ბარიერის არსებობა არის მნიშვნელოვანი. პროცესში ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა პოლიტიკური სუბიექტი უნდა ჩაერთოს, ვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პოლარიზება რაღაცნაირად დავასრულოთ და ყველა შემდგომი არჩევნები იყოს არჩევნები არა ორ პარტიას, ძირითად ორ მოთამაშეს შორის, არამედ მრავალ პარტიას შორის. ეს არის ამოცანა, რასაც ჩვენ, პარტია „მოქალაქეები“ ყველანაირად ვცდილობთ, რომ შევუწყოთ ხელი. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ოპოზიციაში მოინახება ამ ქვეყანაზე შეყვარებული 17 ადამიანი, რომელიც პარლამენტში შემოვა და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ჩემი და ჩვენი პარტიის გადმოსახედიდან, საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარის თქმა ქვეყნის ინტერესების ღალატი იქნება, რადგან ქვეყნის ინტერესი არის მრავალპარტიული, დემოკრატიული პარლამენტი 2024 წლის არჩევნებისთვის“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

პარლამენტში ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 5%-იანი ბარიერის 3%-მდე დაწევას, ხოლო პარლამენტში ფრაქციის შექმნისთვის საჭირო მინიმალური რაოდენობის 7-დან 4-დეპუტატამდე შემცირებას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო: ოპოზიციაში მოინახება ქვეყანაზე შეყვარებული 17 ადამიანი, რომელიც პარლამენტში შემოვა და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს