კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაღალი რანგის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ორგანიზებით, მაღალი რანგის კონფერენცია გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, ღონისძიება 2014 წლიდან ყოველწლიურად იმართება და მას ნიდერლანდებისა და ბელგიის ცენტრალური ბანკები მონაცვლეობით მასპინძლობენ.

მათივე ინფორმაციით, წელს კონფერენციას ბელგიის ეროვნულმა ბანკმა უმასპინძლა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ: ანდორას, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ბულგარეთის, ხორვატიის, კვიპროსის, ისრაელის, ლუქსემბურგის, მოლდოვას, მონტენეგროს, ნიდერლანდების, ჩრდილოეთ მაკედონიის, სომხეთის, რუმინეთის, უკრაინისა და საქართველოს ცენტრალური ბანკების მმართველები და უმაღლესი რანგის წარმომადგენლები.

წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა იყო - კანონის უზენაესობა ევროკავშირში: არსებული მდგომარეობა და მისი გავლენა კანდიდატ და მეზობელ ქვეყნებზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ კონფერენციის მონაწილეებს, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველოს საფინანსო სექტორში კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვის გამოცდილება გაუზიარა.

"სამართლებრივი სიცხადე, რომელიც კანონის უზენაესობის ამოსავალი წერტილია, ფინანსური სისტემის გამართულად ფუნქციონირების წინაპირობაა. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ევროპის ცენტრალური ბანკის მიდგომა, რომელიც სამართლებრივი სიცხადის მნიშვნელოვნებას უსვამს ხაზს. ის კანონის უზენაესობის შემადგენელი ფუნდამენტური ნაწილია, რომელიც ადამიანებს აძლევს იმის გარანტიას, რომ შეძლონ თავიანთი ქმედებების დაგეგმვა, მათი მოსალოდნელი იურიდიული შედეგების გათვლა და კანონის საფუძველზე სარწმუნო მოლოდინების ჩამოყალიბება - სწორედ ეს გახლავთ ეკონომიკური სტაბილურობის წინაპირობა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს