არასამთავრობო ორგანიზაციები - საზოგადოებას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია მედიაციის პროცესის შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაციების ევროკავშირის მედიაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი მიესალმებიან ევროკავშირის და აშშ-ის ჩართულობას ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პროცესში.

„სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მივესალმებით ევროკავშირის და აშშ-ის ჩართულობას ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პროცესში. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ბატონი კრისტიან დანიელსონის როლი ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ძალებს შორის მედიაციის პროცესის წარმართვაში.

დასაფასებელია, რომ საქართველოში პირველი ვიზიტის დაწყებისთანავე, ბატონი დანიელსონი შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და მოისმინა მათი ხედვა, თუ როგორ უნდა განიმუხტოს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. ასევე, სპეციალური წარმომადგენლის დახმარებითა და ძალისხმევით, პოლიტიკური ძალები დაუბრუნდნენ მოლაპარაკების პროცესს და გამართეს შეხვედრების სერია.

სამწუხაროდ, ბატონი დანიელსონის აქტიური ჩართულობის მიუხედავად, მხარეთა შორის კონსესუსის მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხელმომწერი ორგანიზაციები, სინანულს გამოვთქვამთ, რომ მედიაციის პროცესში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და საზოგადოებისთვის ნაკლებად გამჭვირვალეა. აღნიშნული კი, საშუალებას აძლევს როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, შეთანხმების მიუღწევლობა ერთმანეთს გადააბრალონ.

იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირი აგრძელებს მხარეებს შორის მედიაციას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გამოვთქვამთ სურვილს, მიუკერძოებელ და ნეიტრალურ მედიატორთა მხრიდან, საზოგადოებას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია უშუალოდ მედიაციის პროცესის, ამ პროცესში პოლიტიკური ძალების პასუხისმგებლობისა და შედეგების შესახებ.

მიგვაჩნია, რომ მედიაციის ამგვარად წარმართვა, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას და თავიდან აგვაცილებს დამატებით სპეკულაციებს, დეზინფორმაციისა და ანტიევროპული ნარატივების გაძლიერებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - მის საზღვრებს გარეთ.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები: საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); ადამიანის უფლებათა ცენტრი; კავშირი საფარი (HRHT); ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის; ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);უფლებები საქართველო; დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)“,- ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ განცხადების ბმული: https://osgf.ge/arasamtvrobo-organizaciebis-ganckhadeba-mediaciis-procestan-dakavshirebit/

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს