არჩილ თალაკვაძე NDI-ის კვლევაზე - "ქართულ ოცნებას“ ნებისმიერ სხვა პარტიასთან შედარებით ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს, ოპოზიციის მხარდაჭერა კი სავალალოდ არის შემცირებული

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, NDI-ის კვლევები აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს ნებისმიერ სხვა პარტიასთან შედარებით, ხოლო „ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა სავალალოდ არის შემცირებული“.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ NDI-ის კვლევის შეფასებისას განაცხადა, დღევანდელ პარლამენტს ძალიან მაღალი მხარდაჭერა აქვს საზოგადოების მხრიდან მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში არ არის.

„NDI-ის კვლევა გვეუბნება, რომ მოქალაქეების პრიორიტეტები და მათი დაკვეთა არის პირველი, ეკონომიკის აღდგენა პანდემიის შემდეგ, მეორე, ჯანდაცვა, მესამე- განათლება და კიდევ სხვა საკითხები. ამის სანაცვლოდ, რას სთავაზობს მაგალითად, ოპოზიცია საზოგადოებას, სთავაზობს იმას, რომ დღეიდან 2 თვის შემდეგ რუსთაველზე შევიკრიბოთო. რამდენად ადეკვატურია ეს შეთავაზება, უკვე თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ. მოქალაქეების დაკვეთა არის ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება და სხვა საკითხები. დღეს ვინ უშლის ამას ხელს? პარლამენტში ვინ არ არის წარმოდგენილი? არ არის წარმოდგენილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, ვინ უშლის ხელს იმას, რომ ეკონომიკის სწრაფად აღდგენაზე ერთად ვიმუშავოთ და ვინ არ არის ამ პროცესში ჩართული? ოპოზიციის ნაწილი. ეკონომიკის პრობლემები პანდემიით არის გამოწვეული, მაგრამ მის მოგვარებას ხელს უშლის ოპოზიცია მაშინ, როცა პარლამენტში არ შემოდის და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობს“,-განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძის თქმით, ოპოზიცია პოლიტიკურ პროცესს ბლოკავს, არ შედის პარლამენტში, თავს ესხმის ინსტიტუტებს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, პარლამენტის მიმართ მოქალაქეების მოლოდინები გაზრდილია.

„გარწმუნებთ, თუ ოპოზიცია პარლამენტში შემოვა და თავის ფუნქცია-მოვალეობას შეასრულებს, პარლამენტს საზოგადოების მხრიდან ბევრად მაღალი ეფექტურობა და მხარდაჭერა ექნება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო