27 წლის ექთნის ოჯახის ადვოკატი - როგორი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდა მეგი ბაქრაძეს ვაქცინაციამდე, ინფორმაცია არ არსებობს - საგამოძიებო უწყებას არცერთ კითხვაზე  პასუხი არ აქვს

მეგი ბაქრაძის სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო უწყებას არცერთ კითხვაზე არ აქვს გაცემული პასუხი - საგამოძიებო უწყება ადვოკატებს საერთოდ აღარ გვეთანამშრომლება, - ამის შესახებ გარდაცვლილი 27 წლის ექთნის მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა ნინო ამაღლობელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ჩანიშნული იყო პროკურორთან შეხვედრა, რაც გარკვეული მიზეზებით გადაიდო,

მისივე თქმით, ადვოკატებს აქვთ ეჭვი, რომ საქმის მოწმეებზე ზეწოლა მიმდინარეობს.

“ყველა ის კითხვა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში აქტუალურია მეგი ბაქრაძის სისხლის სამართლის საქმეზე დღესაც დღის წესრიგში დგას და არცერთ კითხვაზე საგამოძიებო უწყებას პასუხი გაცემული არ აქვს ამ მოცემულობით. როგორი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდა მეგი ბაქრაძეს ვაქცინის გაკეთებამდე, ამასთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყების მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. ადვოკატებს და ოჯახს არ გვაქვს ინფორმაცია თუ როგორი იყო მისი ჯანრთელობის მდგომარეობა, ჩვენ არ გვაქვს სრულყოფილი სამედიცინო დოკუმენტაცია ახალციხის კლინიკა “იმედიდან” ამოღებული. რაც შეეხება ვაქცინაციის შემდგომ პერიოდს, არაერთხელ გაჟღერდა ადვოკატების მხრიდან, რომ ჰქონდა თუ არა კლინიკას ინვენტარი, ჰქონდა თუ არა კლინიკას შესაძლებლობა, აღჭურვილობა, შესაბამისი პრეპარატები, გადამზადებული ექიმები და დაცული იყო თუ არა პოსტვაქცინაციურ პერიოდში და იყო თუ არა მზად კლინიკა “იმედი” პოსტვაქცინაციურ პერიოდში გართულების შემთხვევაში ადეკვატური, დროული რეაგირების მოსახდენად. არა ერთი კითხვა არის სისხლის სამართლის საქმეზე, მაგრამ დღეის მდგომარეობით აქტუალურობას იძენს ის საკითხი, რომ საგამოძიებო უწყება ადვოკატებს საერთოდ აღარ გვეთანამშრომლება, კონტაქტზე აღარ გამოდიან, უფრო მეტიც დღეს როგორღაც მოხერხდა პროკურორთან დაკავშირება და ჩანიშნული გვქონდა პროკურორთან შეხვედრა ადვოკატებს და ეს შეხვედრაც გარკვეული მიზეზებით გადაიდო, გამომდინარე იქიდან, რომ პროკურორს ყოველთვის აქვს სხვადასხვა მიზეზი და თავს არიდებს ადვოკატებთან შეხვედრას და მასალებზე საუბარს. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ მოწმეებზე მიმდინარეობს ზეწოლა და ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენი ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეში თავის დროზე გამოკითხული იყვნენ მოწმეები, ჩატარებული იყო საგამოძიებო მოქმედებები, ამოღებული იყო კონკრეტული ნივთიერი მტკიცებულებები, რომელთა დაკავშირებითაც ადვოკატებს არანაირი ცნობა არ ჰქონიათ იმ პერიოდშიც კი, როცა ვითომ თანამშრომლობდა საგამოძიებო უწყება თანამშრომლებთან. პროკურორთან შეხვედრა გადაიდო გაურკვეველი ვადით. საქმის ზედამხედველი პროკურორი არის ლევან ჟორჟოლაძე. თქვა, რომ არ ეცალა და ფიზიკურად დროს ვერ დაუთმობდა ადვოკატებს. როცა მსგავს რეზონანსულ საქმეს ხელმძღვანელობ ყოველთვის უნდა გქონდეს დრო და რესურსი იმის, რომ სათანადოდ მიაქციო სისხლის სამართლის საქმეს ყურადღება და მაქსიმალურად იყო გამჭვირვალე და რაც მთავარია ეფექტური და უხერხულია დროის უქონლობაზე საუბარი. ჩვენ ადვოკატებმა დღეს დავაყენეთ შუამდგომლობა საგამოძიებო უწყებაში ინვენტარის შემოწმებაზე, უშუალოდ მოვითხოვეთ ვაქცინაციის კაბინეტის, რეანიმაციის კაბინეტის შემოწმება თუ რა ინვენტარს ფლობს ახალციხის კლინიკა და იყო თუ არა დაცული პროტოკოლი”, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს