ლევან იოსელიანი - „ნაცმოძრაობის“ ლოგიკა მესმის, მათ ხელს აძლევს, 5%-იანი ბარიერი, მაგრამ სხვისი არა - იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც სხედან

ფაქტობრივად იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც სხედან, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მისამართით განაცხადა, რომლებიც ბოიკოტს აგრძელებენ და საპარლამენტო საქმიანობაში არ ერთვებიან.

როგორც იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემში „360 გრადუსი“ განაცხადა, მას ესმის „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგიკის, მაგრამ ვერ იზიარებს „გირჩის“ და სხვა პარტიების ხედვას ამ საკითხთან დაკავშირებით.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლოგიკა მესმის, მათ ხელს აძლევთ, რომ 5%-იანი ბარიერი შენარჩუნდეს. მათი მესმის, მაგრამ სხვისი არავის. ფაქტობრივად იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც სხედან. არ მესმის „გირჩის“ ლოგიკა. მე მხარს ვუჭერ 3%-იან ბარიერს იმიტომ, რომ პოლიტიკური სისტემისთვის გამართლებულ ნიშნულად მიმაჩნია, მაგრამ ვიღაც ფიქრობს, რომ შესაძლოა 2% იყოს უკეთესი, ან ბუნებრივი ბარიერი. ვიმსჯელოთ ამაზე, არ არის ის საკითხი, რაზეც შეთანხმებას ვერ მივაღწევთ“,-განაცხადა იოსელიანმა.

მან აღნიშნა, რომ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა პარტიულ ინტერესს ქვეყნის ინტერესი არ უნდა შეწირონ.

„დავუშვათ არალეგიტიმურია პარლამენტი, ამ ქვეყანაში ვინმე ფიქრობს, რომ ვადამდელი არჩევნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე 5%-იანი ბარიერის დაწევა, სასამართლოს, საარჩევნო რეფორმა?! ერთი ვადამდელი არჩევნები ამ ყველაფერს გადაწონის? ამის არავის სჯერა. მე მჯერა ერთი რამის, თუ გაქვს შესაძლებლობა, რომ ქვეყანას რაღაც კარგი გაუკეთო, ეს დღეს უნდა გააკეთო, რადგან ხვალ ამის შესაძლებობა შესაძლოა, უბრალოდ აღარ მოგეცეს. იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეს ჯიბეში მანდატი უდევთ შეუძლიათ, რომ პარლამენტში შემოვიდნენ, თუნდაც ერთჯერადად, ამ საკითხის მხარდასაჭერად, დავუჭიროთ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს და გააგრძელონ ის ბოიკოტი, რასაც აგრძელებენ. მოდით, პარტიულ ინტერესს ქვეყნის ინტერესს ნუ შევწირავთ. თუ პოლიტიკოსს ამდენი პასუხისმგებლობა არ გაქვს, მაშინ შემდეგი არჩევნები კარგი მაგალითი იქნება იმისთვის, როგორი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ ყველაფერზე უარს იტყვიან“, - განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, შეთანხმების მისაღწევად როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას დათმობებზე წასვლა მოუწევს.

„ნაციონალური მოძრაობა“ რომ ბატონი სააკაშვილის ნება-სურვილზე დადის, ეს არახალია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ რომ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც განსხვავებულად უყურებენ ამ პროცესს და არ ფიქრობენ, რომ მაინც და მაინც ვადამდელ არჩევნებს უნდა გადააყოლონ ყველაფერი, მგონი ესეც ყველასთვის ნათელია და მათი გამოსვლები ამას ადასტურებს. პოლიტიკოსებმა სითამამე უნდა გამოიჩინონ. ახლა არის ამისთვის ყველაზე კარგი მომენტი“,-განაცხადა იოსელიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა