ანა დოლიძე - სასამართლო რეფორმის პროცესის იმიტაცია მიდის და სინამდვილეში ამას შედეგი  არ ექნება, თუ არ დაშლი „კლანს“

რეფორმის პროცესის იმიტაცია მიდის და სინამდვილეში ამას შედეგი არ ექნება, თუ არ დაშლი „კლანს“. „კლანი“ როგორ უნდა დაშალო? ჩემი აზრით, უნდა დაშალო იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მოაცილო თავმჯდომარეები. მანამდე კი ეს არის რეფორმის პროცესის იმიტაცია ბრიუსელისთვის და ვაშინგტონისთვის, - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსართლე წევრი და მოძრაობა „ხლახისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე იმ ცვლილებებს, რომლის განხორციელებასაც „ქართული ოცნება“ “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში გეგმავს.

როგორც ანა დოლიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეს ცვლილება უდაოდ უკავშირდება იმ „ექსპუნქტიან მოლაპარაკებას“, რომელშიც ჩართულია ევროკავშირი და პირველი არის მართლმსაჯულების რეფორმა. ამასთან, დოლიძის თქმით, აშშ-ს სენატშიც პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებაზე ბევრი რამ ითქვა.

„ეს არის კოსმეტიკური რემონტი საძირკვლის გარეშე. ეს ცვლილებები ვერ მოიტანს ვერავითარ ხელშესახებ ცვლილებას იმიტომ, რომ ერთი ჯგუფი მაინც რჩება მთელი მექანიზმის მაკონტროლებლად. მაგალითად, ცვლილებებში მითითებულია, რომ კანდიდატს შესაძლებლობა ექნება გაასაჩივროს შედეგები. სინამდვილეში კი, ისევ „კლანთან“ უნდა გაასაჩივროს, „კლანის“ მიერ კონტროლირებად უზენაეს სასამართლოში. ასევე მითითებაა, რომ რეიტინგი ქულების მიხედვით შედგება, ეს ქულები კი, დგება ჩეკში, რესტორანში და მთავარია ის, რომ აქ არ არის დამსახურებაზე ორიენტირებული სისტემა, არამედ არის „კლანთან“ სიახლოვეზე ორიენტირებული სისტემა. ეს წყდება სხვაგან, ჯერ კიდევ იუსტიციის სკოლაში და არაფორმალურად, როგორც სხვა ყველაფერი ხდება იუსტიციის საბჭოში, იქ ხომ რეალური დებატი არ არის? ამიტომ ეს ცვლილებები უბრალოდ არის კოსმეტიკური ხასიათის, მიმართული იმაზე, რომ აჩვენონ საერთაშორისო საზოგადოებას, ევროსაბჭოს, რომ რაღაცას აკეთებენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა პოლიტიკურად უჭირთ და მართლმსაჯულების რეფორმა პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი გახდა, სინამდვილეში ეს ვერაფერს შეცვლის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, კანონპროექტი 24 მარტს ოფიციალურად დარეგისტრირდა და 29 მარტს, ინიცირებისათვის ბიუროს სხდომაზე გავა.

ოხანაშვილის განმარტებით, მომზადებული ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეყრდნობა. პროექტის გათვალისწინებით, დამატებით, შემდეგნაირად დარეგულირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხები:

− გაუქმდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ნახევრად ღია კენჭისყრის წესი და კენჭისყრები იქნება ღია. შესაბამისად, საზოგადოებისათვის ცნობილი იქნება ინფორმაცია საბჭოს წევრების მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისა და კენჭისყრაში ხმის მიცემის შესახებ.

− საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევას და პარლამენტისათვის წარდგენას საფუძვლად დაედება კანდიდატების შეფასებისას მათ მიერ დაგროვებული ქულები, რაც ნიშნავს ე.წ. “სარეიტინგო სიის’’ ფორმირებას. შედეგად, საბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტს ასარჩევად წარედგინება მხოლოდ საუკეთესო შეფასების მქონე მოსამართლეობის კანდიდატები.

− ასევე გათვალისწინებულია საბჭოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, საბჭოს წევრი დაუჭერს თუ არა კანდიდატს მხარს.

წარმოდგენილი ცვლილებით, გათვალისწინებულია კანდიდატის მიერ გასაჩივრების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ხელახალი გადაწყვეტილების ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო