GRASS-მა ანგარიში წარადგინა, რომლის თანახმად ირკვევა, თუ რა სახის პრორუსული და ანტიდასავლური დეზინფორმაცია გავრცელდა 2020 წელს საქართველოში

„საქართველოს რეფორმირების ასოციაციამ“ წლიური ანგარიში წარმოადგინა, „დეზინფორმატორი 2020“, რომლის თანახმად, ირკვევა, თუ რა სახის პრორუსული და ანტიდასავლური დეზინფორმაცია გავრცელდა 2020 წელს საქართველოში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“„საქართველოს რეფორმების ასოციაციიდან“(GRASS) აცნობეს, წლიური ანგარიში, „დეზინფომეტრი 2020“ GRASS-ის მიერ წლის მანძილზე გამოცემულ ანგარიშს ეყრდნობა და მის მიზანს საქართველოში ანტიდასავლური და პრორუსული (მათ შორის კრემლის და მისი მხარდამჭერი ჯგუფების) გზავნილების გაანალიზება და მათში არსებული ტენდენციების გამოკვეთა წარმოადგენს.

„ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას და ქვეყნის ევროპეიზაციას; იმ ფასეულობების დაცვას, რომლებიც ქვეყანას მრავალი საუკუნის განმავლობაში გააჩნია და რომლებიც დღეს საფრთხის ქვეშაა. საფრთხეს უპირველეს ყოვლისა რუსეთი და საქართველოში მათი მოკავშირეები წარმოადგენენ, რომლებიც ცდილობენ, შეასუსტონ საქართველოს მოქალაქეების ნდობა დასავლეთისა და დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი. ამისათვის კრემლის მთავარი იარაღი კი სწორედ დეზინფორმაცია და პროპაგანდაა“, - აცხადებს ორგანიზაციის დირექტორი, პაატა გაფრინდაშვილი.

წლიური ანგარიშის ფარგლებში, საქართველოს რეფორმების ასოციაციის გუნდმა სხვადასხვა მედია პლატფორმის, Facebook გვერდის, თუ ანტიდასავლური პოლიტიკური პარტიის გავრცელებულ მასალებზე მონიტორინგი ჩაატარა. ჯამში გაანალიზდა 3000-ზე მეტი მედია პროდუქტი და ამ ჯგუფების მიერ გავრცელებული ანტიდასავლური და პრორუსული პროპაგანდა, რაც 8 ძირითადი მიმართულებით გადანაწილდა: რუსეთის მხარდამჭერი, ევროკავშირის, ნატო-ს, აშშ-ს წინააღმდეგ მიმართული, ანტითურქული, კორონავირუსთან დაკავშირებული, ასევე პროპაგანდა ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე და საერთაშორისო საკითხებზე.

„გამოვავლინეთ, რომ დეზინფორმატორები არ ცვლიან სტრატეგიულ მესიჯებს და იყენებენ ყველა მიმდინარე მოვლენას ამ მესიჯების გასაძლიერებლად, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ნატო-ს, ევროკავშირის, ამერიკის წინააღმდეგ ნეგატიური დამოკიდებულების გაღვივებას მოსახლეობაში, ქვეყნის შიგნით კი ნიჰილიზმის დანერგვას. პირდაპირ პრორუსული მესიჯები, როგორც წესი, არც ისე პოპულარულია საქართველოში, რის გამოც ისინი თავს ესხმიან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს არაპირდაპირი გზით და სწორედ ამ თავდასხმის ქვეტექსტად შემოგვაპარებენ ხოლმე, რომ იმათგან განსხვავებით, ძალიან სასარგებლო შეიძლება იყოს ჩვენი რუსეთთან [კრემლის პირობებით] თანამშრომლობა.“ - აღნიშნავს მარიამ წიწიკაშვილი, GRASS-ის მკვლევარი და პროექტების მენეჯერი.

წლიური ანგარიშის დახმარებით, „საქართველოს რეფორმების ასოციაციას“ სურს, გააცნოს საზოგადოებასა და შესაბამის უწყებებს, თუ რა მიმართულებებით მუშაობს პროპაგანდა და მისცეს მათ რეკომენდაციები დეზინფორმაციასთან საბრძოლველად; ასევე ხელი შეუწყოს მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას და მედეგობის გაძლიერებას ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ.

„თუკი მუდმივად ხდება მოსახლეობის ობიექტური ინფორმირება, ეს ზრდის იმუნიტეტს დეზინფორმაციის მიმართ. გვსურს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია ამ თემაზე, რათა ქართული საზოგადოება გახდეს უფრო იმუნური და შეცდომაში არ შეიყვანოს იმ პროპაგანდისტულმა გზავნილებმა, რომლებსაც ასე აქტიურად ავრცელებენ ჩვენი მოწინააღმდეგეები.“ - აცხადებს პაატა გაფრინდაშვილი.

ამასთან, ორგანიზაცია თავისი ინოვაციური მედია პროექტით, Factcheck.ge-ით, თანამშრომლობს Facebook-თან. Factcheck.ge ეძებს და ამოწმებს სოციალურ ქსელებში (Facebook & Instagram) გავრცელებულ ყალბ ამბებს და გამოაქვს შესაბამისი ვერდიქტები. ყალბ ამბად მონიშნულ პოსტს Facebook-ი გავრცელებას უმცირებს, იმ გვერდებს კი, რომლებიც განმეორებით არღვევენ Facebook-ის წესებს და ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას, გარკვეული პერიოდით გავრცელება და რეკლამირების შესაძლებლობა ეზღუდება.

მედია ბრიფინგზე ორგანიზაციის ახალი კამპანიის, „შეაჩერე გავრცელების“ შესახებაც ისაუბრეს. #შეაჩერეგავრცელება (FactChat) Factcheck.ge-ის „ჩატ ბოტია“, რომლის მიზანია, მარტივად მიაწოდოს მომხმარებელს სანდო, გადამოწმებული ინფორმაცია და თავადაც ასწავლოს, როგორ ამოიცნოს პროპაგანდა თუ ყალბი ამბავი.

განსაკუთრებით დიდი ყურადღება ბოტში კორონავირუსისა და კოვიდვაქცინის ირგვლივ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეთმობა.

„დეზინფორმაცია ვირუსივით ვრცელდება. ხოლო როცა ყალბი ამბავი ვაქცინაციას ეხება, ვრცელდება ვირუსიც. გვსურს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პრობლემის დაძლევაში. ამიტომ შევქმენით „ჩატ ბოტი“, რომელიც დაგეხმარება, გაიგო, რა არის ტყუილი და შეაჩერო გავრცელება.“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო