საბა ბუაძე - ვისაც უნდა, რომ ივანიშვილს ესაუბროს, შეუძლია ესტუმროს იმ ულამაზეს დენდროპარკში, რომელიც მან შექმნა და სააკაშვილთან ვისაც უნდა საუბარი, შეუძლია კიევში გაემგზავროს

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, მოლაპარაკებების პროცესში არაფორმალური ელემენტების მონაწილეობა მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ამის შესახებ საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში” განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომ მოლაპარაკებების პროცესისთვის ეფექტური იქნება თუ კრისტიან დანიელსონი რეალურ ლიდერებს დაელაპარაკება.

მისი თქმით, ამ პროცესში კომუნიკაცია არის მათთან, ფორმალურად ვინც არიან მხარეები.

„ვინც არ არის ამ პროცესში ფორმალურად ჩართული, იმასთან რატომ უნდა გვქონდეს კომუნიკაცია, ჩემთვის გაუგებარია. მე მესმის, რომ ვიღაცას, იგივე მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს თავისი ელექტორალური ნიშა და ჰყავდეს თავისი მხარდამჭერები, მაგრამ ეს მისი საქმეა. ჩვენ ამ მოლაპარაკებებს წარვმართავთ ოფიციალურად, ფორმალურად ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით და ვისაც უნდა, რომ ბიძინა ივანიშვილს ესაუბროს, შეუძლია ესტუმროს იმ ულამაზეს დენდროპარკში, რომელიც მან შექმნა და მიხეილ სააკაშვილთან ვისაც უნდა საუბარი, შეუძლია კიევში გაემგზავროს”, - განაცხადა საბა ბუაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარებისთვის უფრო ეფექტიანი იქნება, თუ ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი დაელაპარაკება რეალურ ლიდერებს, რომლებიც დღემდე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ.

„გაცილებით ეფექტური იქნება, თუ არაფორმალური ლიდერები, რომლებიც აცხადებენ, რომ ლიდერები არ არიან, მაგრამ პოლიტიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კვლავ ლიდერები არიან მათი პოლიტიკური პარტიების, მათ აიღონ პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მიიღონ მოლაპარაკებებში, რათა ღიად განაცხადონ თავიანთი ხედვები, რისი მიღწევა სურთ. მზად არიან თუ არა კომპრომისისთვის. მზად არიან თუ არა პრობლემის მოგვარებისთვის", - თქვა კუბილიუსმა "ფორმულას" ეთერში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა