ელენე ხოშტარია - მთავრობას  იმ გაუაზრებელ რეგულაციასთან დაკავშირებით მივმართავთ, რაც საოკუპაციო ხაზზე ფუნქციონირებს, მოსახლეობას „შავი გზებით” გადმოსვლა უწევთ

პოლიტიკური მოძრაობა “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარის განცხადებით, სავალდებულო 5-დღიანი კარანტინის გამო, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელად “შავი გზების” გამოყენება უწევთ, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

ელენე ხოშტარიას თქმით, აღნიშნულ საკითხზე ერთი თვის წინ უკვე მიმართეს პრემიერ-მინისტრს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

“უკვე მესამედ გვიწევს მივმართოთ მთავრობას იმ აბსოლუტურად გაუაზრებელ და ადამიანებისთვის სერიოზული პრობლემების შემქმნელ რეგულაციასთან დაკავშირებით, რომელიც ფუნქციონირებს საოკუპაციო ხაზზე, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები, პრაქტიკულად, ვერ გადმოდიან ან უწევთ ისეთი გზებით გადმოსვლა ზუგდიდში, რომ ჯანმრთელობის ფასად უჯდებათ. გამომდინარე იქიდან, რომ საოკუპაციო ხაზზე შემოსვლა რეგულირდება 5-დღიანი სავალდებულო კარანტინით, ადამიანები ერთსაათიან საქმეზე რომ გადმოვიდნენ, უწევთ “შავი გზებით” გადმოსვლა და ამას მოყვა ჯანმრთელობის არაერთი დაზიანება. მინდა მივმართო მთავრობას, საკოორდინაციო საბჭოს, რომ არ შეიძლება ასეთ იგნორირებას უკეთებდე შენი მოქალაქეების ამ მდგომარეობას. მესმის, რადგან ეფექტურად ვერ ვაკონტროლებთ სიტუაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მიმოსვლის გარკვეული რეგულაცია უნდა არსებობდეს, თუმცა ეს შეიძლება იყოს სწრაფი ტესტი ან შეიძლება მოინახოს ისეთი გამოსავალი, რომელიც ამ მძიმე მდგომარეობაში არ ჩააგდებს მოქალაქეებს.

ჩვენ გვქონდა ტრაგიკული შემთხვევა, როდესაც კოვიდ სასტუმროში მიყვანილი ადამიანი გარდაიცვალა და არის ფაქტები, როდესაც ადამიანები გარდაცვალების რისკის ფასად გადმოდიან იმიტომ, რომ აქ არის სასიცოცხლო აუცილებლობა, ექიმთან ვიზიტი, საბუთებზე გადმოსვლა და ა.შ. დაახლოებით ერთი თვის წინ, მივმართეთ პრემიერ-მინისტრს თხოვნით, რომ გადახედონ ამ რეგულაციას და პასუხიც კი არ გაუციათ. სრული იგნორირებაა ამ საკითხის. ეს არის სასწრაფო საკითხი იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც ამ „შავი გზებით“ გადმოდის, შეიძლება დაზიანდეს და ტრაგედია მოხდეს”,- განაცხადა ხოშტარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს