ადვოკატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართავს და იმ სამართალდამცავების  პასუხისმგებლობის საკითხის დასმას მოითხოვს, ვინც გოგი წულაიას დაკავებაში მონაწილეობდნენ

პოლიტიკოს გოგი წულაიას ადვოკატი ვალერი გელბახიანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართავს და იმ სამართალდაცავების პასუხისმგებლობის საკითხის დასმას მოითხოვს, ვინც გოგი წულაიას დაკავებაში მონაწილეობდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა განუცხადა, მიმართვის მიზეზი არის ის, რომ გოგი წულაიას დაკავებისას დარღვეულია საპროცესო კოდექსის მოთხოვნები. ვალერი გელბახიანის განმარტებით, ახლა უნდა შეფასდეს, რამდენად უხეშად დაირღვა ეს ნორმები და რამდენად იმოქმედა ამან ადამიანის უფლებების დარღვევის ნაწილში.

„მძინარე ადამიანს რომ აკავებ, ეს კანონით აკრძალულია. უნდა ხდებოდეს დანაშაულზე წასწრება, სხვა შემთხვევაში უნდა მიმართო სასამართლოს და სასამართლოს განჩინების საფუძველზე უნდა დააკავო. თვითნებურად მოუნდეს პოლიციას და დააკავოს, ასე არ ხდება. მათ უფლება ჰქონდათ, როცა გააღვიძეს გოგი წულაია გამოეკითხათ ის ქალბატონი და გამოეკითხათ თვითონ გოგი წულაია, აღძრულიყო საქმე, დაწყებულიყო გამოძიება, შეფასებულიყო კვალიფიკაცია და ამის შემდეგ გადაეწყვიტათ დაკავება-არდაკავება. ამასთან, ზოგადად, დაკავებულს სამი ფუნდამენტური უფლება გააჩნია: ზარის განხორციელების, ადვოკატის მოთხოვნის და სამედიცინო დახმარების, სამივე ფუნდამენტურური ნორმა არის დარღვეული“, - აცხადებს ვალერი გელბახიანი.

რაც შეეხება დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატის ინფორმაციით, გუშინდელი მონაცემებით გოგი წულაიას შიმშილობა არ შეუწყვიტავს, რის გამოც ის თავს სუსტად გრძნობს.

ცნობისთვის, წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობდა. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა