ოპოზიციური პარტიები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე იყოს მიბმული

ოპოზიციური პარტიები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე იყოს მიბმული, რაც მათივე ინფორმაციით, ხელისუფლების არასაჯარო შეთავაზებაა.

როგორც ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ამ ორი პრინციპულად და შინაარსობრივად განსხვავებული არჩევნების ერთმანეთთან დაკავშირება იწვევს თვითმმართველობის და საპარლამენტო მმართველობის შესახებ მოქალაქეების გადაწყვეტილების მიღების პროცესების აღრევას და ასეთი მოდელი მხოლოდ დამაბნეველი იქნება საზოგადოებისათვის.

„8 მარტს დადებული შეთანხმების დარღვევამ, გიორგი რურუას ციხეში დატოვებამ, გარეჯის საქმის პოლიტიკური დაკვეთით დაწყებამ, რომლის ამოცანაც პოლიტიკური ოპოზიციის დემონიზება იყო, ოპონენტების პოლიტიკურმა დევნამ, საარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიციის მიმართ დაუსჯელმა ძალადობამ, წინასაარჩევნოდ მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსის არნახულმა მასშტაბმა, არჩევნების დღეს ამომრჩევლის კონტროლის “კარუსელებმა”, ბიულეტენების ჩაყრამ, ოქმების მანიპულაციებმა და სასამართლოების მიერ საარჩევნო დავების განხილვაზე ორგანიზებულმა უარმა, გამორიცხა 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების შედეგების მიმართ ნდობა.

არჩევნების შემდგომ პერიოდში, ისედაც რთულ პოლიტიკურ ვითარებაში, ხელისუფლებამ შტურმით აიღო ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ოფისი და დააპატიმრა მისი ახლადარჩეული თავმჯდომარე ნიკა მელია, რასაც წინ უძღოდა ივანიშვილის ფორმალურად გადადგომა პარტიის თავმჯდომარეობიდან და საჯარო პოლიტიკიდან მისი გაწევა. ასევე, მელიას ამგვარი ფორმით დაპატიმრების პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა პრემიერმა გიორგი გახარიამ. ივანიშვილი და გახარია რეალურადაც და ფორმალურადაც ის ცენტრალური ფიგურები იყვნენ, რომლებსაც მხარი დაუჭირა “ქართული ოცნების” ამომრჩეველმა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ახალი, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ლოგიკური აუცილებლობა და ევროპული დემოკრატიული ტრადიციის შესაფერისი ნაბიჯია.

ხელისუფლების წარმომადგენლები საჯაროდ ამ საკითხის განხილვაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ, არასაჯაროდ კი, გამოსავლად საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხის თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე მიბმას გვთავაზობენ. ამ ორი პრინციპულად და შინაარსობრივად განსხვავებული არჩევნების ერთმანეთთან დაკავშირება იწვევს თვითმმართველობის და საპარლამენტო მმართველობის შესახებ მოქალაქეების გადაწყვეტილების მიღების პროცესების აღრევას. ასეთი მოდელი მხოლოდ დამაბნეველი იქნება საზოგადოებისათვის მაშინ, როდესაც ამომრჩევლებს მარტივი და მკაფიო არჩევანი უნდა ჰქონდეთ და შესაბამისად, არ გამოდგება ტესტად ვადამდელი არჩევნების საკითხზე. სწორედ ამიტომ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავუჭერთ ამ მოდელს მხარს.

ოპოზიციას მოქნილი პოზიცია აქვს როგორც ვადამდელი არჩევნების თარიღთან (ბუნებრივია, გონივრულ ფარგლებში), ისე ამ შედეგამდე მისასვლელ გზასთან დაკავშირებით. ზოგი ჩვენგანი თვლის, რომ ერთადერთი გზა ახლა პირდაპირ ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა, ზოგმა კი, კრიზისის განმუხტვის მიზნით ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ უმრავლესობის აზრის გაგებას, პლებისციტს დაუჭირა მხარი“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ზურა ჯაფარიძე - “გირჩი მეტი თავისუფლება”;

„ლელო“, ელენე ხოშტარია - დროა; „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „პროგრესი და თავისუფლება",

მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, დავით ჭიჭინაძე-პარტია“ტრიბუნა“, საქართველოს პარლამენტრათა საზოგადოება, “ერთიანი საქართველო”, “ევროპელი დემოკრატები”, “ქრისტიან-კონსერვატული პარტია”, “გამარჯვებული საქართველო“ , „სამართლიანობისთვის“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო