საქართველოს დელეგაციამ ქალთა სტატუსის კომისიის ყოველწლიურ სესიაში  მიიღო მონაწილეობა

საქართველოს დელეგაციამ, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსის, მაკა ფერაძისხელმძღვანელობით, ქალთა სტატუსის კომისიის ყოველწლიურ სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 15-26 მარტს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში, ვირტუალურად გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, წელს პირველად, სესია ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა ქალმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა გახსნა.

სესიაში მონაწილე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ღონისძიებებში გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, გაეროს სააგენტოები, მათ შორის, ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაცია და ECOSOC-ის აკრედიტებული არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.

„ქალთა სტატუსის კომისიის წლევანდელ სესიაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხები, როგორებიცაა - ქალთა სრული და ეფექტური მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა, ქალთა და გოგონათა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის მიზნით; ქალთა გაძლიერება და მისი კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან.

გენერალურ დებატებსა და 65-ე სესიის ფარგლებში გამართულ თემატურ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა ნინო წილოსანმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ, უწყების შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ლიკა კლიმიაშვილმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა ინსპექტორმა იზა კასრელიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებების სამდივნოს მრჩეველმა გიორგი ბედოიძემ, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძემ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის მოადგილე გვანცა საკანელაშვილმა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის - „თანხმობა" უფროსმა იულია ხარაშვილმა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დელეგაციის ხელმძღვანელმა, მაკა ფერაძემ, გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დანერგვის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. კერძოდ, აღინიშნა საერთაშორისო კონვენციებზე მიერთებისა და ანგარიშგების პრაქტიკა, ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია, გენდერული თანასწორობის უმაღლეს ეროვნულ ინსტიტუციურ მექანიზმებში დანერგვა და პანდემიის პირობებში ქალთა განსაკუთრებული როლი.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ეფექტური სახელმწიფო დღის წესრიგის შემუშავების გაგრძელების მნიშვნელობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქალთა უაღრესად მძიმე მდგომარეობას და მათი უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებს.

სესიის პრიორიტეტულ თემებთან ერთად, ასევე განიხილეს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა სრული და ეფექტური თანამონაწილეობის მიღწევისთვის კავშირების დამყარება, კოვიდ-19-ის პანდემიისა და მისგან გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების პროცესში ქალთა მონაწილეობისა და ლიდერობის მნიშვნელობა და სხვა საკითხები.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე მომუშავე საბჭოს (ECOSOC) ქალთა სტატუსის კომისია წარმოადგენს გლობალურ მთავრობათაშორის ორგანოს, რომელიც გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით მუშაობს. კომისია ახორციელებს პეკინის დეკლარაციისა და მოქმედების პლატფორმის პროგრესის მონიტორინგს, ასევე - ხელს უწყობს გაეროს აქტივობებში გენდერული პერსპექტივის დანერგვასა და პოპულარიზაციას“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით