დავით ზალკალიანი - გასული 4 წლის განმავლობაში, ნახევარ მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ევროკავშირის ქვეყნებში მილიონზე მეტი ვიზიტი განახორციელა

გასული ოთხი წლის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მილიონზე მეტი ვიზიტი განახორციელა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.

დავით ზალკალიანის განცხადებით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია საქართველოსთვის განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობის მიღწევაა, ქვეყანა ამ ნაბიჯით კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპის ერთიან ოჯახს.

“დღეს 4 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მგზავრობენ ევროკავშირის ქვეყნებში/შენგენის სივრცეში.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია საქართველოსთვის განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობის მიღწევაა, რასაც მრავალრიცხოვანი რეფორმები უძღოდა წინ. ჩვენი ქვეყანა ამ ნაბიჯით კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპის ერთიან ოჯახს. ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიერ ჩვენი მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის მინიჭებით კიდევ უფრო განმტკიცდა საქართველოს, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორის სტატუსი და დადასტურდა მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ. საქართველო აგრძელებს განუხრელ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე, რაც ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 შეხვედრაზე დადასტურდა.

გასული ოთხი წლის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მილიონზე მეტი ვიზიტი განახორციელა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში. უვიზო მიმოსვლამ საქართველოს მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გახადა ახალი შესაძლებლობები - მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტურიზმის განვითარებას, ბიზნეს კავშირების გაღრმავებას, სტუდენტური გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას, პროფესიონალური კავშირებისა თუ ზოგადად, ხალხთაშორისი ურთიერთობების გაძლიერებას. ამ პერიოდს თან ახლდა, ასევე, გამოწვევები, რის საპასუხოდაც საქართველოს მთავრობის, ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ კოორდინირებული და წარმატებული ნაბიჯები გადაიდგა.

სამწუხაროდ, დღეს გლობალური პანდემიის გამო თავისუფალი მიმოსვლა შეზღუდულია, მაგრამ გვჯერა, მალე შევძლებთ ამ გამოწვევის გადალახვას და შესაბამისი პასუხისმგებლობით, საქართველოს მოქალაქეები კვლავ შეუფერხებლად გააგრძელებენ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული ამ მნიშვნელოვანი მონაპოვრით სარგებლობას“, - წერს დავით ზალკალიანი „ფეისბუქზე“.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა