მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ შევძელით და კვლავ შევძლებთ დასახული მიზნების განხორციელებას და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი წარმატებული ნაბიჯების გადადგმას

საქართველოს მიერ განვლილი რეფორმებისა და ტრანსფორმაციის გზა იმ მიზნამდე, როგორიც იყო უვიზო მიმოსვლა, ცხადყოფს, რომ ჩვენ შევძელით და კვლავ შევძლებთ დასახული მიზნების განხორციელებას და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი წარმატებული ნაბიჯების გადადგმას, -აღნიშნული განცხადებით პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებიდან 4 წლის შესრულებას გამოეხმაურა.

როგორც ბოჭორიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება, ევროკავშირთან თანამშრომლობით წარმატებულ ნაბიჯებს დგამს, რათა უზრუნველყოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის წესების დაცვა და ჩვენმა მოქალაქეებმა უსაფრთხოდ და შეუფერხებლად განაგრძონ თავისუფალი მიმოსვლა შენგენის ქვეყნებში.

მისივე თქმით, 2024 წელს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან ურთიერთობებში შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად ემზადება, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს იმ სტრატეგიულ მიზანს, რასაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია და რომელსაც ზურგს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ურყევი ნება და არჩევანი უმაგრებს.

“სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესი მიღწევაა.

ამ მონაპოვარს წინ უძღოდა 2013 წელს ევროკავშირისგან მიღებული სამოქმედო გეგმის საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული მრავალრიცხოვანი და კომპლექსური რეფორმები.

გზა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ევროკავშირში უვიზო მიმოსვლამდე გადის ქვეყნის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და ადამიანის უფლებების უკეთ დაცვისთვის, დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების განმტკიცებისთვის ჩვენი ხელისუფლების დაუღალავ შრომაზე.

გასული ოთხი წლის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა უვიზო მიმოსვლით და მილიონზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის ქვეყნებში.

უვიზო მიმოსვლამ ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გახადა ახალი შესაძლებლობები - მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, ბიზნეს კავშირების გაღრმავებას, ტურიზმის განვითარებას, სტუდენტური გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას, პროფესიული კავშირების გაძლიერებას.

ეს ყველაფერი კი არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ერთ - ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტის - ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების მყარი საფუძველი.

ბუნებრივია, კოვიდ-19 პანდემიამ, იმ გლობალურმა გამოწვევამ, რის წინაშეც მსოფლიო უკვე ერთი წელია დგას, მნიშვნელოვანად შეაფერხა მსოფლიოს მასშტაბით ადამიანების თავისუფალი გადაადგილება.

თუმცა ამ ვითარების შეცვლის შესაძლებლობა დღეს უკვე შორეული პერსპექტივა აღარაა. ვაქცინაციის პროცესი დაწყებულია და ახლა უკვე ყველას შეგვიძლია ჩვენი წილი წვლილი შევიტანოთ პანდემიისა და მის გამო დაწესებული შეზღუდვების დროულად დასრულებაში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ჩვენ შევძელით და კვლავ შევძლებთ დასახული მიზნების განხორციელებას - მაკა ბოჭორიშვილი

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით