უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის წესში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება

საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის საფუძველზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისათვის წარდგენის წესში ცვლილებები ხორციელდება, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, მიხეილ სარჯველაძე და შალვა პაპუაშვილი.

მომზადებული პროექტის მიხედვით, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რომელმა წევრმა რომელი კანდიდატი რა შედეგით შეაფასა კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით, საჯარო ხდება და საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება. ამასთან, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ყველა კანდიდატს არ შეაფასებს და შეფასებებს დასაბუთებებთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს არ გადასცემს, ითვლება, რომ იგი კანდიდატების შეფასების პროცედურაში არ მონაწილეობს და მის მიერ განხორციელებული ყველა კანდიდატის შეფასების შედეგები უქმდება.

იცვლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ კანდიდატთა შერჩევის ბოლო ეტაპზე (კენჭისყრის ეტაპზე) გადამსვლელ კანდიდატთა სიის შედგენის წესი. კერძოდ, ამ სიას იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეადგენს არა კენჭისყრის შედეგად, არამედ კანდიდატთა კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით შეფასებისას მათ მიერ დაგროვებული ქულების (საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებლების) მიხედვით.

იცვლება პარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენის მიზნით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კენჭისყრის გამართვის წესი, რითაც უზრუნველყოფილ იქნება, რომ პარლამენტს მხოლოდ ის კანდიდატები წარედგინოს, რომლებმაც კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით შეფასებისას საუკეთესო შედეგები მიიღეს (დაგროვებული ქულების მიხედვით საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებლები აქვთ).

კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, მხარს დაუჭერს თუ არა იგი კანდიდატს. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საბჭოს რომელმა წევრმა რომელ კანდიდატს დაუჭირა ან არ დაუჭირა მხარი კენჭისყრაში, და კენჭისყრისას დაფიქსირებული პოზიციების დასაბუთება იქნება საჯარო და საბჭოს ვებ-გვერდზე ქვეყნდება.

დგინდება, რომ თუ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ გააუქმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში მიღებული განკარგულება/წარდგინება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახალი განკარგულება/ხელახალი წარდგინება შეიძლება ერთჯერადად უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრდეს. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების/წარდგინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შედეგად მიღებული საბჭოს განკარგულება/წარდგინება აღარ საჩივრდება.

კანონში მიეთითება, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების საჯარო მოსმენა ყველა კანდიდატის მიმართ თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვით უნდა გაიმართოს.

როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, პროექტის მიზანია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის დასკვნაში მოცემული იმ რეკომენდაციების გათვალისწინება და “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ასახვა, რომლებიც ვენეციის კომისიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით შეიმუშავა.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა