დევიდ კრამერი და იან კელი ერთობლივ წერილში - საქართველო ერთპარტიული რეჟიმის ზღვარზე დგას - აშშ-მა უნდა გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი გავლენა, მათ შორის მიანიშნოს სანქციების დაწესებაზე

საქართველო ახლა არასტაბილური, ერთპარტიული რეჟიმის ზღვარზე დგას - შეერთებულმა შტატებმა უნდა წაახალისოს კრიზისის მოგვარება და გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი გავლენა, მათ შორის მიანიშნოს სანქციების დაწესებაზე იმ ადამიანებისთვის, ვინც პასუხისმგებელია ქვეყნის ზღვარზე მიყვანაზე, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი ერთობლივ წერილში წერენ, რომელსაც „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ონლაინ გამოცემა The Bulwark-ზე გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც დიპლომატების წერილშია აღნიშნული, ქვეყანაში შექმნილი კრიზისის მოგვარებისთვის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ნიკა მელია, რის შემდეგაც ორივე მხარემ კომპრომისზე უნდა იმუშაოს.

„საქართველო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში, ავტორიტარიზმის ზღვის ფონზე, საპარლამენტო დემოკრატიის კუნძულად განიხილებოდა, - ახლა არასტაბილური, ერთპარტიული რეჟიმის ზღვარზე დგას. ევროკავშირის კეთილშობილური, მაგრამ ჯერჯერობით წარუმატებელი მცდელობა, მედიაცია გასწიოს, შეერთებული შტატებისგან გაძლიერებას საჭიროებს. შეერთებულ შტატებს აქვს დიდი ინტერესი, საქართველომ შეასრულოს თავისი სუვერენული არჩევანი, შეუერთდეს დასავლეთს და იარსებოს, როგორც სტაბილურმა დემოკრატიამ აღმოსავლეთ-დასავლეთის კრიტიკულ სავაჭრო და ენერგეტიკულ დერეფანში.

მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არაერთი, სხვადასხვა ტიპის საშინაო და საგარეო პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დგას, შეერთებულმა შტატებმა უნდა წაახალისოს კრიზისის მოგვარება და გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი გავლენა, მათ შორის მიანიშნოს სანქციების დაწესებაზე იმ ადამიანებისთვის, ვინც პასუხისმგებელია ქვეყნის ზღვარზე მიყვანაზე.

ერთადერთნი, ვინც საქართველოში არასტაბილურობითა და ქაოსით სარგებლობენ, კრემლში სხედან. ამის გაცნობიერება უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშანი საქართველოში და დასავლეთში მყოფი საქართველოს მეგობრებისთვის, რომ ნიკა მელია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, რის შემდეგაც, ყველა მხარემ უნდა იმუშაოს კოპრომისზე, პარლამენტში მრავალპარტიული წარმომადგენლობის საფუძველზე. შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, მაგრამ ამისთვის სწრაფად მოქმედებაა საჭირო“, - ნათქვამია დიპლომატების ერთობლივ წერილში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა