უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის წესში ცვლილებებს პირველი მოსმენით 31 მარტს განიხილავენ

“საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის საფუძველზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისათვის წარდგენის წესში ცვლილებები ხორციელდება, 31 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.

პროექტი, რომლის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები ანრი ოხანაშვილი, მიხეილ სარჯველაძე და შალვა პაპუაშვილი, პირველი მოსმენით განიხილება.

მომზადებული პროექტის მიხედვით, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რომელმა წევრმა რომელი კანდიდატი რა შედეგით შეაფასა კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით, საჯარო ხდება და საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება. ამასთან, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ყველა კანდიდატს არ შეაფასებს და შეფასებებს დასაბუთებებთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს არ გადასცემს, ითვლება, რომ იგი კანდიდატების შეფასების პროცედურაში არ მონაწილეობს და მის მიერ განხორციელებული ყველა კანდიდატის შეფასების შედეგები უქმდება.

იცვლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ კანდიდატთა შერჩევის ბოლო ეტაპზე (კენჭისყრის ეტაპზე) გადამსვლელ კანდიდატთა სიის შედგენის წესი. კერძოდ, ამ სიას იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეადგენს არა კენჭისყრის შედეგად, არამედ კანდიდატთა კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით შეფასებისას მათ მიერ დაგროვებული ქულების (საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებლების) მიხედვით.

იცვლება პარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენის მიზნით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კენჭისყრის გამართვის წესი, რითაც უზრუნველყოფილ იქნება, რომ პარლამენტს მხოლოდ ის კანდიდატები წარედგინოს, რომლებმაც კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით შეფასებისას საუკეთესო შედეგები მიიღეს (დაგროვებული ქულების მიხედვით საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებლები აქვთ).

კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, მხარს დაუჭერს თუ არა იგი კანდიდატს. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საბჭოს რომელმა წევრმა რომელ კანდიდატს დაუჭირა ან არ დაუჭირა მხარი კენჭისყრაში, და კენჭისყრისას დაფიქსირებული პოზიციების დასაბუთება იქნება საჯარო და საბჭოს ვებ-გვერდზე ქვეყნდება.

დგინდება, რომ თუ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ გააუქმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში მიღებული განკარგულება/წარდგინება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახალი განკარგულება/ხელახალი წარდგინება შეიძლება ერთჯერადად უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრდეს. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების/წარდგინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შედეგად მიღებული საბჭოს განკარგულება/წარდგინება აღარ საჩივრდება.

კანონში მიეთითება, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების საჯარო მოსმენა ყველა კანდიდატის მიმართ თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვით უნდა გაიმართოს.

როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, პროექტის მიზანია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის დასკვნაში მოცემული იმ რეკომენდაციების გათვალისწინება და “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ასახვა, რომლებიც ვენეციის კომისიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით შეიმუშავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა