ანა ნაცვლიშვილი - ოპოზიცია განწყობილია შეთანხმებისთვის, მაგრამ მაგიდა არ უნდა ააყირავოს მეორე მხრიდან წითელი ნაჭრის ფრიალმა

"ლელო საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პარტიის პოზიცია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევაა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში“ დღის ნიუსრუმი“ განმარტა, ოპოზიცია განწყობილია შეთანხმებისთვის, მაგრამ ხელისუფლებამ მაგიდა არ უნდა ააყირავოს და „წითელ ხაზებზე“ საუბარი არ უნდა დაიწყოს.

„ლელოს“ სულისკვეთება არის შეთანხმების მიღწევა, რადგან ქვეყანას პოლიტიკური მშვიდობა სჭირდება, მაგრამ თუ ჩვენ ვერ დავინახავთ, რომ ეს შეთანხმება ამ რესურსს ატარებს თავისი შინაარსით და ვერ დავინახავთ, რომ მეორე მხარე ვისი მოქმედებების გამოც ეს კრიზისი შეიქმნა, ვისაც ყველაზე მეტი ბერკეტი აქვს თავისი როლიდან გამომდინარე, განწყობილი არ არის შეთანხმებისკენ, არამედ მაგიდის აყირავების სულისკვეთებით მოვიდა მოლაპარაკების მაგიდაზე, ცხადია, ეს შეთანხმება ვერ შედგება. ამავე დროს, თუ შეთანხმებას მივაღწევთ, ეს ამ ქვეყნის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი იქნება. თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ და მაგიდის აყირავება ვნახეთ, ესეც ახალი ეტაპი იქნება. ორივე გზა რთულია, მაგრამ რადიკალურად განსხვავებულ ვითარებაში აღმოვჩნდებით“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი შეფასებით, თუ დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგება, ეს ქვეყნისთვის მძიმე დარტყმა იქნება.

„ამ შესაძლებლობის არგამოყენება ისეთი მძიმე დარტყმის მიყენება იქნება ქვეყნისთვის, არ ვიცი, ვის შეუძლია ამ დონის პასუხისმგებლობა აიღოს. თუმცა, ხაზგასმით ვამბობ, ოპოზიცია განწყობილია შეთანხმებისთვის, მაგრამ მაგიდა არ უნდა ააყირავოს მეორე მხარის მხრიდან „წითელმა ხაზებმა“ და წითელი ნაჭრის ფრიალმა. ჩვენ ნერვები კი არ გვიმტყუნებს, მაგრამ თუ დავინახავთ, რომ მეორე მხარეს სინამდვილეში არ აქვს კეთილსინდისიერი განწყობილება, რომ ქვეყანა ამ ჩიხიდან გამოვიდეს და ფუნქციური სახელმწიფო გახდეს, ეს „ქართული ოცნების“ უმძიმესი პასუხისმგებლობა იქნება“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კითხვაზე, ახალ არჩევნებთან დაკავშირებული ჩანაწერის გარეშე, ჩათვლის თუ არა „ლელო“ , რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკებების პროცესი ჩაშალა, ნაცვლიშვილმა უპასუხა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის რეფორმა და არჩევნებამდე მისასვლელი გზის ძიება.

„ჩვენ უნდა დავინახოთ საარჩევნო სისტემის სამართლიანებისკენ გადადგმული კონკრეტული ცვლილებები. ამავე დროს, უნდა დავინახოთ გზა, როგორ მივდივართ ამ ახალი სისტემის პრაქტიკაში გამოყენებისკენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ რა გზით იქნება შესაძლებელი ახალი არჩევნების ჩატარება“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

როგორც ის აღნიშნავს, დოკუმენტში გათვალისწინებული პოლიტპატიმრების თემა ძალიან მნიშვნელოვანია და ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს მართლმსაჯულების არასამართლებრივი მიზნით გამოყენება.

„როდესაც ქვეყანაში ადამიანები ციხეში გყავს, რომელთა ციხეში ყოფნას განაპირობებს არა სამართლიანი არგუმენტები, არამედ მათ მიმართ მიკერძოება და ამის ინსტრუმენტად მართლმსაჯულება არის გამოყენებული, ვინც არ უნდა იყოს, რა გვარიც, დღეს მელია და რურუაა, გუშინ სხვა იყო, აქ თემა სხვაგვარად დგას. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს მართლმსაჯულების არასამართლებრივი მიზნებისთვის გამოყენება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გადაჭრის გარეშეც შეუძლებელია დავიჯეროთ ან სხვას დავაჯეროთ, რომ ეს ევროპული მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯია. ამავე დროს სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც მართლმსაჯულებაში უნდა განხორციელდეს, ცხადია იმას ემსახურება, რომ ხვალ ქვეყანაში ახალი პოლიტპატიმრები არ იყვნენ. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ პუნქტზე მოხდეს შეთანხმება, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა ე.წ. ჩარჩო დოკუმენტში განსაზღვრა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო