ხათუნა ლაგაზიძე - თუ რიგგარეშე არჩევნების საკითხი საერთოდ მოხსნილია დღის წესრიგიდან, ვფიქრობ, ოპოზიციის დიდი ნაწილი მოლაპარაკებების გაგრძელებაში აზრს ვერ დაინახავს

რიგგარეშე არჩევნების საკითხი თუ საერთოდ მოხსნილია დღის წესრიგიდან, ვფიქრობ, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი მოლაპარაკებების გაგრძელებაში აზრს ვერ დაინახავს, - ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუში“ განაცხადა.

ლაგაზიძე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თუ მოლაპარაკების მაგიდაზე რიგგარეშე არჩევნების საკითხი მოხსნილია, მოვლენების განვითარების რამდენიმე ვერსია არსებობს.

„მე რამდენადაც ვიცი, ოპოზიცის ლიდერების განწყობები, რომ ამ პუნქტზე საუბარი თუ შორეულ სკივრში გადაიდო, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ მოლაპარაკებების გაგრძელებაში აზრს ვერ დაინახავს. რა შეიძლება ჩვენ ამის შედეგად მივიღოთ? - საუკეთესო ვერსია იქნება მოლაპარაკება და ორი მხარის საერთო ნიშნულზე მისვლა. მეორე ვარიანტი არის ის, რომ ოპოზიცია დარჩეს იმავე დღის წესრიგით - რაც შეიტანა იმ მოლაპარაკების მაგიდასთან, ის გამოიტანოს, ანუ ნულოვანი შედეგით დასრულდეს მოლაპარაკება. მესამე ვერსიაა ოპოზიციის გაყოფა, ნაწილი დათანხმდეს იმ შემოთავაზებას, რომელიც იქნება ევროკავშირის მხრიდან და მეორე ნაწილი კვლავ დარჩეს ქუჩაში, არ დაეთანხმოს შემოთავაზებულ პირობებს“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, „ამ მოლაპარაკებების ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი უნდა იყოს, რომ პოლიტიკური მძევლების აყვანა დასრულდეს”.

„ზოგადად, პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობა არის ყველაზე მიუღებელი პრაქტიკა, რაც ამ ხელისუფლებამ საკუთარ ხელწერად გაიხადა. ეს იქნება ყველაზე დიდი სიბრიყვე, რაზეც პოლიტიკური ძალები წავლენ. ძალიან მიკვირს ევროკავშირის ამ კუთხით. ძალიან არ მინდა ევროკავშირი გამოვიდეს პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობის კანონიზაციის ერთგვარი ხელისშემწყობი. პოლიტიკურმა ძალებმა ამაზე უარი უნდა თქვან. სხვა თემაა რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ ამ კონკრეტულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, ამის დაკანონება თუ მოხდა, ხვალ სხვას აიყვანენ პოლიტიკურ მძევლად და ნებისმიერ სხვა პრინციპულ საკითხზე გაცვლიან. ამ მოლაპარაკებების ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი უნდა იყოს, რომ პოლიტიკური მძევლების აყვანა დასრულდეს და არა ის, რომ ევროკავშირი ირიბად ამ პროცესს ხელს უწყობდეს“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

ცნობისთვის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე შეხვედრაზე წარმოდგენილ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი აღარაა, თუმცა ის მოიცავს შემდეგ საკითხებს - გიორგი რურუა ციხეს დატოვებს ნოემბრის ბოლოს. ნიკა მელიას გირაოს თანხას კი ევროკავშირი გადაიხდის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა