გიორგი ვაშაძე - ჩვენ ვნახეთ „ქართული ოცნების“ ნულოვანი სახელმწიფოებრივი პოზიცია, მათ სურთ ერთადერთი რამ - შეინარჩუნონ ხელისუფლება

სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ ნულოვანი სახელმწიფოებრივი პოზიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან. ქვეყანას მართავენ არა ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ რამე გააკეთონ, არამედ, ჩვეულებრივი კორუმპირებული მძარცველები, რომლებსაც სურთ ერთადერთი რამ - შეინარჩუნონ ხელისუფლება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მედიატორ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია, რომ დოკუმენტში არაფერი წერია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით და არც გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ.

„სამ საკითხს, რომელიც გამოქვეყნდა ამ დოკუმენტში, მე მზად ვარ დღესვე ხელი მოვაწერო, მაგრამ ორი საკითხი, რომელიც მანდატით იყო განსაზღვრული, რომელიც ჩვენ, ისევე, როგორც „ქართულმა ოცნებამ“ გადავეცით მედიაციის მხარეს, ამ ორ საკითხზე არ არის შეთანხმება. „ქართულმა ოცნებამ“ დღეს გადაწყვიტა, რომ მძევლად დაიტოვოს ორიდან ერთი ადამიანი და „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა საერთოდ თავის გაცემულ პირობაზე შარლ მიშელთან თქვას უარი და არანაირი ჩანაწერი არ ყოფილიყო ამ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით.

ამის გარდა, მათ გადაწყვიტეს, რომ ფარსად აქციონ საარჩევნო რეფორმა, ზედაპირულად წარმოგვიდგინონ სასამართლო რეფორმა და უბრალოდ მოგვიყარონ რაღაც თანამდებობები პარლამენტში, რაზეც ეგონათ, რომ ვინმე დათანხმდებოდა ოპოზიციიდან. მე, როგორც ჩემს ქვეყანაზე მოფიქრალი ადამიანი, რა თქმა უნდა, მძევლების დატოვებას ვერ დავეთანხმებოდი და ამ მედიაციიდან სწორედ ამას ველოდები, რომ პოლიტიკური მძევლები ამ ქვეყანაში აღარ იქნება. ასევე ვერ დავეთანხმებოდი ვერცერთ შემთხვევაში ჩანაწერის არარსებობას არჩევნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვაშაძემ და დასძინა, რომ ევროკავშირის მხარემ მედიაციის მანდატის რეალიზება ვერ შეძლო.

„რატომ? - იმიტომ რომ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა სრულად დესტრუქციული პოზიცია. რამდენიმე კვირის წინ შარლ მიშელთან მათ პირობა დადეს, რომ აუცილებლად იქნებოდა რიგგარეშე არჩევნებთან როგორც მინიმუმ მისასვლელი გზა ამ დოკუმენტში, დღეს მათ განაცხადეს, რომ წინააღდეგი იყვნენ რაიმე ტიპით მოხსენიებაზე. ამიტომ თქვენ თვითონაც წაიკითხეთ cope-paste-თი არის სხვა დოკუმენტებში არსებული ტექსტი ჩასმული. სხვა არაფერი!“- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე განმარტებით, მედიატორს დღეს არ უთქვამს, რომ გამოქვეყნებული დოკუმენტი საბოლოოა, რაზეც ვაშაძე ამბობს, რომ ამის მიზეზი ვადამდელი არჩევნების საკითხია, რომელიც ამ დოკუმენტში უნდა ყოფილიყო.

„შესაბამისად, მანდატის რეალიზება ვერ მოხდა „ქართული ოცნების“ დესტრუქციის გამო. რაც შეეხება რურუასთან დაკავშირებით - დიახაც, რურუას საქმე არის პოლიტიკასთან კავშირში. 8 მარტს უნდა ყოფილიყო ის გათავისუფლებული და დღემდე საპატიმროშია. ჩვენ პოლიტიკურ პატიმარს არ დავტოვებთ, ეს მორალური საკითხია. არც ჩემი მეგობარია ბატონი რურუა, არც ახლო ნაცნობია, მაგრამ ჩემი პრინციპია, რომ ამ ქვეყყანაში პოლიტიკური პატიმრები არ უნდა არსებობდნენ!“ - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ არცერთ პუნქტს ამ დოკუმენტში არ ეთანხმებოდა.

„მათ შორის, არ ეთანხმებოდა ცესკოს და საარჩევნო კომისიის ცვლილებებს, არც პროკურორის დანიშვნის ახალ წესს, არ ეთანხმებოდა ძალაუფლების განაწილების ნაწილს. სამივე ამ პუნქტში რაც არის ჩამოთვლილი, ჩვენ ყველაფერს ვეთანხმებით“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემაჯამებელი შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყო. შეხვედრაზე მედიატორებმა პოლიტიკურ მხარეებს კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე მათ მიერვე მომზადებული დოკუმენტი გააცნეს. მხარეები დოკუმენტზე 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოოდ, მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს