სალომე სამადაშვილი - ყველა შესაძლო გზებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, „ქართულ ოცნებაზე" ზეწოლის მობილიზაციას გავაგრძელებთ

სამწუხაროდ, ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა სახელმწიფომ კიდევ ერთი ისტორიული შესაძლებლობა დაკარგა, პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმების გზით გაგვეკაფა გზა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ევროკავშირსა და ნატო-ში და გაგვკეთებინა ის, რა მოლოდინიც ჰქონდათ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს, - ასე შეაფასა რამდენიმესაათიანი დიალოგის შემდეგ შედეგის გარეშე დასრულებული მედიაცია „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდისთვის მთავარი ამოცანა ქვეყანაში ძალაუფლების შენარჩუნებაა.

„ამისთვის ისინი აპირებენ, რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნა, საარჩევნო სისტემის სათავისოდ გამოყენება და ა.შ. გააგრძელონ. ჩვენ კიდევ ერთხელ გვქონდა შანსი, რომ ყველა პუნქტზე, რომელიც იყო თავის დროზე მიშელის გეგმაზე დასახელებული, შეთანხმებისთვის მიგვეღწია. არსებობდა 5 პუნქტი, შეთანხმების სამოქმედო რუკაში, აქედან 3 საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი შემოთავაზებას დათანხმდა. არსებობდა ორი საკითხი - პოლიტპატიმრებისა და არჩევნების თემა, რომელზეც ჩვენ შევთავაზეთ შესაძლო კომპრომისული ვარიანტის არაერთი წინადადება. ჩვენი ერთ-ერთი წინადადება შეეხება იმას, თუ როგორ ვხედავთ ქვეყანაში პოლიტიკურ მომავალს. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდებით შეფასებაზე იმის, თუ რა მოხდა გასულ წელს ოქტომბრის არჩევნებზე, მაგრამ, ერთ-ერთი ჩვენი შეთავაზება იყო, რომ პლებისციტზე დასმულიყო საკითხი ახალი კონსტიტუციის მიღებისა და მის საფუძველზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების. ეს იყო ხედვა, რომელიც მიმართული იყო მომავალზე. რაც შეეხება პოლტიპტიმრების თემას, აქაც ჩვენ შევთავაზეთ არაერთი შესაძლებლობა, რომელიც მათ კომფორტს მისცემდა.

ის ამნისტიის შესახებ წინადადება, რომელიც წარმოდგენილი იყო, ჩვენი აზრით და შეხედულებით, უნდა შეეხებოდეს ორივე პოლიტპატიმარს: ნიკა მელიას და გიორგი რურუას. დამეთანხმებით და ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნებისა" და ირაკლი კობახიძის გარდა, ჩვენს ქვეყანაში ყველამ იცის, რომ გიორგი რურუა დღეს ციხეში არის პოლიტიკური მიზნით, მათ შორის 20 ივნისის შემდგომ განვითარებული მოვლენების გამო", - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება" არ აღმოჩნდა მზად იმ პუნქტებზე ხელის მოსაწერად, რომელიც ოპოზიციის მხრიდან სრულიად მისაღები იქნებოდა, როგორც შეთანხმების ნაწილი.

„ჩვენ ვგრძნობთ დიდ პასუხისმგებლობას ჩვენი თანამოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომ უზრუნველვყოთ ის, რომ საქართველოს მოქალაქის უფლება ქვეყანაში აღარასდროს გაუქმდეს და მან არჩევნების გზით აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება. ყველა ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ, არის განპირობებული ერთადერთი ინტერესით - ეს არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემის აღდგენა და გადარჩენა და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფა.

გავაგრძელებთ ყველა შესაძლო გზებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, „ქართულ ოცნებაზე" ზეწოლის მობილიზაციას, სანამ არ მივაღწევთ იმ ამოცანას, რომელიც მიზნად დავისახეთ. ბიძინა ივანიშვილს ხმამაღლა უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა, რომ ვაპირებთ ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში. ცხადია, გავაგრძელებთ მცდელობას და მუშაობას, რომ უზრუნველვყოთ ხმამაღალი პროტესტი გაუქმებულ არჩევნებზე", - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემაჯამებელი შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყო. შეხვედრაზე მედიატორებმა პოლიტიკურ მხარეებს კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე მათ მიერვე მომზადებული დოკუმენტი გააცნეს. მხარეები დოკუმენტზე 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოოდ, მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო