აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - დე-ფაქტო ხელისუფლებები და რუსული ძალები ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის გადაადგილებას ზღუდავდნენ

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დე-ფაქტო ხელისუფლებები და რუსული ძალები ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას ზღუდავდნენ, - ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში, სადაც საუბარია მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე.

„დე ფაქტო ხელისუფლებები ხელს უშლიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს, ჰქონოდათ წვდომა თბილისში სამედიცინო დახმარების მიღებაზე. უფრო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობის არქონის გამო, წლის ბოლოსთვის ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 16 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო მოქალაქე იყო ონისე გათენაშვილი, რომელიც გარდაიცვალა 14 ნოემბერს. გარდაცვალების მიზეზად დასახელებულია დაგვიანებული მკურნალობა,”- აღნიშნულია დოკუმენტში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ახლახანს გარდაცვლილ დათა ვანიშვილზეც არის საუბარი, რომელიც საოკუპაციო ხაზის მიღმა ცხოვრობდა.

„დე ფაქტო ხელისუფლება განაგრძობდა მავთულხლართებისა და სხვა ფიზიკური ბარიერების გაფართოებას და განმტკიცებას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ. რუსეთის „ბორდერიზაციის“ პოლიტიკის ამ გაფართოებამ კიდევ უფრო შეზღუდა მოძრაობა, შექმნა ფიზიკური ბარიერები და შეუშალა ხელი სოფლის მეურნეობის დანიშნულების მიწებთან, წყალმომარაგებასა და სასაფლაოებთან წვდომას.

2012 წელს რუსული მესაზღვრეების მიერ დამონტაჟებული მავთულხლართების შედეგად 80 წლის დათა ვანიშვილის სახლი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მხარეს აღმოჩნდა, ხოლო მისი ნაკვეთი მიწა, რომელსაც მთელი ცხოვრება ამუშავებდა, დარჩა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამის შემდეგ დათიშვილს აღარ შეუძლია თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შესვლა საკუთარი პენსიის ასაღებად ან წასულიყო ცხინვალის მიმართულებით სურსათისა და სხვა აუცილებელი საქონლის შესაძენად, რადგან მან ქართული პასპორტზე უარი არ თქვა. 17 აპრილს, დე ფაქტო რეჟიმმა დააკავა დათიშვილის შვილიშვილი, მალხაზ კურტაევი და მისი მეუღლე, თათია ადიკაშვილი. დე ფაქტო ხელისუფლებამ ორივე მათგანი მალევე გაათავისუფლა,“ - აღნიშნულია ანგარიშში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა