თენგიზ ფხალაძე - გუშინ კიდევ ერთხელ ჩავაგდეთ სახელმწიფოებრიობის ტესტი - ეს არის სირცხვილი!

სირცხვილია, როდესაც უცხო ქვეყნის დიპლომატი გვეუბნება, რომ უნდა ვიფიქროთ ჩვენს სამშობლოზე და ჩვენი სამშობლოს ინტერესებზე, ეს არის სირცხვილი! ასე, რომ ეს არის მოცემულობა და ამას ევროპულობასთან და ევროპულ პოლიტიკასთან არაფერი აქვს საერთო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა, რითაც შეაფასა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკების მეორე რაუნდი, რომელსაც ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მედიატორობდა.

თენგიზ ფხალაძის განცხადებით, გუშინ კიდევ ერთხელ ჩავაგდეთ სახელმწიფოებრიობის ტესტი, რაც ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ასე მოხდა.

„მე მგონი, ძალიან ნათელი და სრულიად გასაგები შეფასება მისცა თავად დანიელსონმა, რომ ლიდერები უნდა წავიდნენ კომპრომისებზე და თავად უნდა გაუმკლავდნენ გამოწვევებს. მან აღნიშნა, რომ ამისთვის მხარეები მზად არ იყვნენ, თუმცა მან ისიც აღნიშნა, რომ ევროპულ მისწრაფებებზე როდესაც ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამას სჭირდება კომპრომისები, განსაკუთრებით იმ პარტიისგან, რომელიც ხელისუფლებაშია და მაღალ ამბიციებთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც მოდის. აი, ეს იყო ძალიან მძიმე შეფასება, ისევე, როგორც მისი ბოლო ფრაზა, რომ ის ბრიუსელში ჩაიტანს ინფორმაციას, რომ საქართველოში არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და მას იმედი აქვს, რომ საქართველო სწორედ სამოქალაქო საზოგადოების დახმარებით მოახერხებს ამ მძიმე ფურცლის გადაშლას. ანუ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში პოლიტიკური კლასი არის უმწიფარი და პოლიტიკური ელიტა აბსოლუტურად შორს დგას იმ სტანდარტებიდან, რასაც ჰქვია ევროპული პოლიტიკის სტანდარტები. ეს არის ძალიან სამწუხარო“, - განაცხადა ფხალაძემ .

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ვართ სიტუაციაში,როდესაც თუ არ იმარჯვებს ევროპული გზა, ეს ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ იმარჯვებს რუსეთი.

„რაც შეეხება ევროპულ არჩევანს, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპული, ეს უნდა დამტკიცდეს საქმით. ევროპულ სახელმწიფოებში ასე არ იქცევიან. სირცხვილია, როდესაც უცხო ქვეყნის დიპლომატი გვეუბნება, რომ უნდა ვიფიქროთ ჩვენს სამშობლოზე და ჩვენი სამშობლოს ინტერესებზე, ეს არის სირცხვილი! ასე, რომ ეს არის მოცემულობა და ამას ევროპულობასთან და ევროპულ პოლიტიკასთან არაფერი საერთო არ აქვს. რაც შეეხება თავად მოლაპარაკებებს, მე არ მაქვს იმის განცდა, რომ ჩვენი პარტნიორები ხელს ჩაიქნევენ. არა, ჩვენი პარტნიორები კიდევ შეეცდებიან, რომ ეს სიტუაცია გამოასწორონ, მაგრამ საქართველოს ევროპული სწრაფვა უკვე დაზარალდა, რაც უკვე მოვახერხეთ, იმიტომ, რომ ჩვენ უკვე განვიხილებით სხვა ტიპის სახელმწიფოების რიგში, სადაც პოლიტიკური ელიტა არის უმწიფარი და რომელიც ვერ აცნობიერებს, რა არის ეროვნული ინტერესი და რა არის პარტიის ინტერესი“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა. მედიატორ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით მხარეები რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდენ. შეხვედრაზე მედიატორებმა პოლიტიკურ მხარეებს კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე მათ მიერვე მომზადებული დოკუმენტი გააცნეს, თუმცა, პოლიტიკურმა პარტიებმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს