კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომღერლის, ლოტბარისა და კომპოზიტორის, დიდი ქართველი მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს, - ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე განცხადებით, ანზორ ერქომაიშვილმა სამუსიკო ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარიზაციაში უდიდესი წვლილი შეიტანა, მან მსოფლიოს სხვადასხვა არქივში მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერები მოიძია და გამოსცა.

„ანზორ ექრომაიშვილი იყო ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი და მან არაერთი ნიჭიერი თაობა აღზარდა. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული შვიდი გურული ხალხური სიმღერა; მან მიაკვლია 1907 წლიდან 1930 წლამდე შესრულებულ 500-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერის ფონოგრამას და განახორციელა მათი გამოკვლევა და რესტავრაცია; მოიძია საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცნობილი მომღერლები, რომელთა შესრულებითაც 100-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა ჩაიწერა.

ანზორ ერქომაიშვილმა აღმოაჩინა ვანო სარაჯიშვილის ჩანაწერების დედნები, რომელთა მეშვეობითაც (ნ. ანდღულაძის მონაწილეობით) მოხერხდა მომღერლის პირვანდელი სრულყოფილი ხმის აღდგენა. მომღერალმა აღადგინა, გამოსცა და მომავალ თაობებს შეუნარჩუნა ვ. სარაჯიშვილის, ა. ინაშვილის, ნ. ქუმსიაშვილის, ა. კავსაძის, ვ. სიმონიშვილის, ა. მეგრელიძის, ნ. ხურციას, კ. პაჭკორიას, მ. თარხნიშვილის, ა. ერქომაიშვილის, ვ. მჭედლიშვილისა და სხვა ცნობილ მომღერალთა ხელოვნება; იყო ავტორი წიგნებისა „ხმა უცნაური“, „ბაბუა“ და „შავი შაშვი ჩიოდა“.

ანზორ ერქომაიშვილმა მუსიკალურად გააფორმა ოცამდე კინოფილმი და სპექტაკლი, მისი ინიციატივითა და გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ხელშეწყობით დაარსდა ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი.

ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობითა და საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით გამოიცა ეროვნული კულტურის შესახებ უნიკალური სამეცნიერო ნაშრომი „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“.

ანზორ ერქომაიშვილს მიღებული ჰქონდა არაერთი ჯილდო და პრემია, მათ შორის: ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია. ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ანზორ ერქომაიშვილი დაჯილდოებული იყო ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.

ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ქართული კულტურისათვის. პატივს მივაგებთ მის ღვაწლსა და ხსოვნას,“- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით