გიორგი ვაშაძე - ყველაზე დესტრუქციული როლი მოლაპარაკებებში ითამაშა სალომე ზურაბიშვილმა, იმიტომ, რომ არაერთი ვიზიტის მიუხედავად, მან უარი განაცხადა შეწყალებაზე - არც დღესაა გვიან

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართა და განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის დღიდან მას პირველად ეძლევა შესაძლებლობა ქვეყანა განვითარებისკენ წაიყვანოს.

ვაშაძის თქმით, პრეზიდენტს შეუძლია კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით, რაც ამნისტიას ეხება, მოლაპარაკების პროცესი გაყინული წერტილიდან დაძრას.

ამასთანავე, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ამ მოლაპარაკებების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული როლი პრეზიდენტს ჰქონდა, რომელმაც მასთან მედიატორის მრავალი ვიზიტის მიუხედავად შეწყალების პროცედურის გამოყენებაზე უარი განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ძალიან მძიმე იყო გუშინდელი დღე და მესმის იმედგაცრუება ძალიან ბევრი ადამიანის, რომელიც ელოდებოდა შეთანხმებას და პირდაპირ გეტყვით, მეც ველოდი, რომ გუშინდელ დღეს შევძლებდით შეთანხმებას, ვიქნებოდით კომპრომისულები და გარკვეულ შედეგზე გავიდოდით. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა და არ მოხდა იქიდან გამომდინარე, რომ პოზიციები, რომლებიც იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან, იყო საკმაოდ დესტრუქციული. როცა შარლ მიშელი იყო ჩამოსული, ჩვენ მანდატი გადავეცით მედიაციის 5 საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, ვადამდელ არჩევნებამდე გარკვეული მისვლის გზაზე მაინც უნდა ყოფილიყო ამ დოკუმენტში ჩანაწერი, რომელიც თქვენ ყველამ ნახეთ, რომ არ არის, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, დესტრუქციული პოზიცია აქვს „ქართულ ოცნებას“ და მეორე, პოლიტპატიმრების საკითხი.

აქვე მინდა განვაცხადო ცალსახად, რომ ერთ-ერთი ყველზე დესტრუქციული როლი ამ პროცესში ითამაშა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, იმიტომ, რომ ჩემი ინფორმაციით, იმ არაერთი ვიზიტის მიუხედავად, რომელიც მასთან იყო, მან უარი განაცხადა შეწყალების პროცედურის გამოყენებაზე ამ პროცესში.

თვითონ ის ფაქტი, რომ შეწყალების პროცედურა არ არის გამოყენებული და „ქართული ოცნების“ ხისტი პოზიცია რურუასთან დაკავშირებით, ცალსახად ხაზს უსვამს და მიუთითებს, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი. სწორედ და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ისინი ამ გადაწყვეტილებას არ იღებენ, თორემ დასავლეთი შეთანხმებულია იმაზე, რომ მიზეზი, რის გამოც ის ციხეში ზის, ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური მიზეზი და, რა თქმა უნდა, რეალურ დანაშაულთან ამას კავშირი არ აქვს.

ვფიქრობ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ უნდა იყვნენ და ამ მოლაპარაკებებამდეც ცალსახად ვაფიქსირებდით „სტრატეგია აღმაშენებელი“ ჩვენს პოზიციას, რომ ვერ დავუტოვებდით მძევლად პატიმრებს „ქართულ ოცნებას“ და აუცილებლად უნდა ყოფილიყო შეთანხმება რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. დანარჩენ სამ პუნქტზე, ჩვენ თანახმა ვართ, რომ დღესაც ხელი მოვაწეროთ, მაგრამ ეს ორი საკითხი უნდა იყოს რეგულირებული.

მე აქვე მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც თვითონ რაღაც ტექსტებით მოგვმართავს, რომ ჩვენ ყველა კომპრომისულები უნდა ვიყოთ და გარკვეულწილად სახელმწიფოებრივად ვიფიქროთ: „რაც არჩეული ხართ, ქალბატონო სალომე, პირველად მოგეცათ შესაძლებლობა, კონკრეტული როლი შეასრულოთ ქვეყნის განვითარების პროცესში და ერთადერთი ფუნქცია, რაც გაქვთ მინიჭებული კონსტიტუციიდან გამომდინარე, ამ ფუნქციის გამოყენებით, დაძრათ ყინულის წერტილიდან მოლაპარაკების პროცესი, არც დღეს არის გვიან, გთხოვთ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება“,- განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა