პარლამენტმა პირველი მოსმენით “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი მიიღო

პარლამენტმა 82 ხმით ერთხმად, პირველი მოსმენით, “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი მიიღო.

ცვლილებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისათვის წარდგენის წესში ხორციელდება.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან პარლამენტის წევრები ანრი ოხანაშვილი, მიხეილ სარჯველაძე და შალვა პაპუაშვილი. მათი განმარტებით, პროექტის მიზანია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის დასკვნაში მოცემული იმ რეკომენდაციების გათვალისწინება და “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ასახვა, რომლებიც ვენეციის კომისიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით შეიმუშავა.

მომზადებული პროექტის მიხედვით, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რომელმა წევრმა რომელი კანდიდატი რა შედეგით შეაფასა კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით, საჯარო ხდება და საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება. ამასთან, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ყველა კანდიდატს არ შეაფასებს და შეფასებებს დასაბუთებებთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს არ გადასცემს, ითვლება, რომ იგი კანდიდატების შეფასების პროცედურაში არ მონაწილეობს და მის მიერ განხორციელებული ყველა კანდიდატის შეფასების შედეგები უქმდება.

იცვლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ კანდიდატთა შერჩევის ბოლო ეტაპზე (კენჭისყრის ეტაპზე) გადამსვლელ კანდიდატთა სიის შედგენის წესი. კერძოდ, ამ სიას იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეადგენს არა კენჭისყრის შედეგად, არამედ კანდიდატთა კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით შეფასებისას მათ მიერ დაგროვებული ქულების (საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებლების) მიხედვით.

იცვლება პარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენის მიზნით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კენჭისყრის გამართვის წესი, რითაც უზრუნველყოფილ იქნება, რომ პარლამენტს მხოლოდ ის კანდიდატები წარედგინოს, რომლებმაც კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით შეფასებისას საუკეთესო შედეგები მიიღეს (დაგროვებული ქულების მიხედვით საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებლები აქვთ).

კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, მხარს დაუჭერს თუ არა იგი კანდიდატს. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საბჭოს რომელმა წევრმა რომელ კანდიდატს დაუჭირა ან არ დაუჭირა მხარი კენჭისყრაში, და კენჭისყრისას დაფიქსირებული პოზიციების დასაბუთება იქნება საჯარო და საბჭოს ვებ-გვერდზე ქვეყნდება.

დგინდება, რომ თუ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ გააუქმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში მიღებული განკარგულება/წარდგინება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახალი განკარგულება/ხელახალი წარდგინება შეიძლება ერთჯერადად უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრდეს. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების/წარდგინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შედეგად მიღებული საბჭოს განკარგულება/წარდგინება აღარ საჩივრდება.

კანონში მიეთითება, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების საჯარო მოსმენა ყველა კანდიდატის მიმართ თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვით უნდა გაიმართოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო