შალვა პაპუაშვილი - მესამე რაუნდს აზრი არ აქვს იმ პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებიც კაპრიზში არიან, ისინი ბოლომდე კაპრიზულები დარჩებიან

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მესამე რაუნდს აზრი არ აქვს იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც კაპრიზულები არიან, „ქართული ოცნება“ კი ამ პროცესიდან ქვეყნისთვის საჭირო დასკვნებს გამოიტანს.

როგორც პაპუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება არ შედგა, „ქართული ოცნება“ საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში საარჩევნო და სასამართლო რეფორმას განახორციელებს.

„ამას აზრი არ აქვს იმ პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებიც კაპრიზში არიან. ისინი კაპრიზულები დარჩებიან ბოლომდე.

რაც შეეხება ჩვენს ნაბიჯებს, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება არ შედგა, ჩვენ, ისევე როგორც ფასილიტაციიდან გამოვიტანეთ დასკვნები, რომელიც ქვეყნისთვისაა კარგი და დავაინიცირეთ ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმა, ამ პროცესიდანაც ჩვენ გამოვიტანთ ჩვენს დასკვნებს, რაც ქვეყნისთვის საჭიროა და ეს დასკვნები შეეხება სასამართლო რეფორმას. ამიტომ, „ქართული ოცნება“ საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში განახორციელებს როგორც საარჩევნო, ისე სასამართლო რეფორმას. ასევე, პარლამენტში ოპოზიციის გაძლიერებასთან დაკავშირებითაც გადავდგამთ ნაბიჯებს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილი განმარტავს, არსებული პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, რატომ არ თანხმდება „ქართული ოცნება“ ხელახალი არჩევნების დანიშვნას. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „ოპოზიციას კაპრიზები აქვს“.

„ცხოვრებაშიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც არიან კაპრიზები და ჩვენ რას ვშვებით, ვაკმაყოფილებთ მათ კაპრიზებს? ესაა ჩვენი პოლიტიკური მდგომარეობაც - ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს აქვთ კაპრიზები. თუ გვინდა სახელმწიფო ცალკეული პოლიტიკური ფიგურების კაპრიზებზე დადიოდეს, შეგვიძლია ეს წესად ავიღოთ. მათი კაპრიზების გამო მილიონობით ლარი არჩევენებზე კიდევ ხომ არ უნდა დავხარჯოთ, მათი კაპრიზების გამო 2 მლნ ამომრჩეველი, რომელიც მოვიდა არჩევნებზე, კიდევ ხომ არ უნდა მოვიყვანოთ და რისკის ქვეშ დავაყენოთ, მათი კაპრიზების გამო ხომ არ უნდა ჩავატაროთ ხელახალი არჩევნები, სანამ არ დაინახავენ შედეგს, რომელიც მათთვის მისაღებია. გუშინ ვნახე, გაჭირვებული, კაპრიზებში დაკარგული პოლიტიკოსები“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებულ დოკუმენტს „პრინციპულად ეთანხმება“.

„დაახლოებით 7 საათი იყო, რაც იქ ვიყავით. აქედან ჩვენი ცალკე შეხვედრა მედიატორთან 5 წუთი იყო, დაახლოებით 55 წუთი იყო გაერთიანებული ფორმატის, ანუ ჯამში 1 საათი იყო, სადაც ჩვენ ვიყავით ჩართული მედიაციის პროცესში. 6 საათი ვიყავით მოლოდინის რეჟიმში, როდესაც მედიატორს ხან ერთი პარტიის წარმომადგენელი გაჰყავდა, ჯგუფ-ჯგუფად, რათა დაერწმუნებინა, რომ მნიშვნელოვანია შეთანხმების მიღწევა. ბოლოს რაც ვნახეთ იყო ულტიმატუმი, არა ჩვენ, არამედ მედიატორთა მიმართ. როდესაც მედიატორმა თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხი მის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში არაა, ელჩებთან ახსნა, რომ ევროკავშირი ხელმძღვანელობს ეუთო/ოდირის დასკვნებითა და სხვა ანგარიშებით და ევროკავშირს არ აქვს საფუძველი, ეჭვი შეიტანოს ამ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციაში. ამიტომ ეს საკითხი დახურულია ევროკავშირისთვის. ამ დოკუმენტში ამიტომაც არ იყო ასახულ ეს საკითხი. ამან გამოიწვია ჩვენი ოპონენტების მხრიდან ამ მოთხოვნის დაყენება, რასაც ულტიმატუმის სახე ჰქონდა, რადგან მხოლოდ ამ მოთხოვნის შესრულების პირობებში იყვნენ შეთანხმებაზე თანახმა. მეორე საკითხი, რაც ასევე ულტიმატუმის სახით დააყენეს, იყო გიორგი რურუას მყისიერი გათავისუფლება, რაც იცით, რომ დანიელსონის დოკუმენტში არ აისახა. როდესაც ამ დოკუმენტს გავეცანით, ვთქვით, რომ პრინციპული თანხმობა გვქონდა. გვქონდა რამდენიმე შენიშვნა, რომელიც სუფთა სამართლებრივი საკითხია. ოპოზიციამ დაიწუნა ეს დოკუმენტი, უწოდეს კოჭლი დოკუმენტი და თქვეს, რომ ეს დოკუმენტი პრინციპულად მიუღებელი იყო“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება 20 ივნისთან დაკავშირებული საქმეების ამნისტიის საკითხს, პაპუაშვილის შეფასებით, ოპოზიციის ინტერესი ნიკა მელიას ციხეში ყოფნაა.

„ჩვენი ოპონენტების ინტერესებში არაა, რომ ნიკა მელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვოს, გუშინ ეს მათ აჩვენეს. ეს რომ მათი ინტერესი ყოფილიყო, გირაოს გადაიხდიდნენ და ნიკა მელია გარეთ იქნებოდა. მათ ნიკა მელია ციხეში სჭირდებათ იმიტომ, რომ შექმნან ცუდი სურათი ჩვენი ქვეყნისგან, რომ რაც შეიძლება მეტმა უცხოელმა იფიქროს, რომ ცუდი ქვეყანაა და ამიტომ შეიძლება ამ ქვეყანას ცუდად მოეპყრონ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილი განმარტავს, რომ კრისტიან დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში არსებულ პუნქტში იმის შესახებ, რომ „პარტიები თანხმდებიან მომავალ არჩევნებში მონაწილეობაზე“, ნებისმიერი არჩევნები იგულისხმება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა