ნათია თურნავა - დავიწყეთ პროცესი სახელწოდებით „უკეთესი ნამახვანისთვის" - კაშხალი არ აშენდება, ვიდრე ძირითადი კვლევები არ გადამოწმდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, დაიწყო პროცესი -„უკეთესი ნამახვანისთვის" და კაშხალი არ აშენდება, ვიდრე ძირითადი კვლევების გადამოწმება არ მოხდება.

ამის შესახებ თურნავამ ექსპერტული და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული კვლევების ხელახალი შესწავლის პროცესში ექსპერტების ჩართულობის საკითხი განიხილეს.

„ჩვენ დღეს დავიწყეთ პროცესი, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „უკეთესი ნამახვანისთვის". შევთანხმდით ინვესტორ კომპანიასთან, რომ კაშხალი არ აშენდება, ვიდრე ძირითადი კვლევების გადამოწმება არ მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად, მიგვაჩნია, რომ კვლევები საკმაოდ სოლიდურია, მრავალი წელი მიმდინარეობდა და შესრულებულია კვალიფიციური ექსპერტების მიერ, სრულყოფა ყოველთვის შეიძლება. თუნდაც იმისთვის, რომ მოიხსნას ბევრი კითხვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და შეიქმნას მეტი ნდობა პროექტის ირგვლივ, ჩვენ ჩავრთეთ ფართო საზოგადოება - ექსპერტები, სამეცნიერო წრეები, სამოქალაქო სექტორი, ვისაც გააჩნია კომპეტენცია და სურვილი, რომ ჩაერთოს როგორც კვლევების გადამოწმებაში, ასევე შემდგომ უშუალოდ მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია," - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შეხვედრის მონაწილე დარგობრივ ექსპერტებთან - ენერგეტიკოსებთან, ეკოლოგებთან, სეისმოლოგებთან, ჰიდროლოგებთან და გეოლოგებთან შეთანხმდნენ, რომ დაინტერესებული ექსპერტები ორი თვის განმავლობაში იმსჯელებენ „ნამახვანი ჰესის” პროექტის კვლევებზე.

„ისინი თუკი გამოავლენენ რისკს, რაიმე ხარვეზს, ან გამოთქვამენ სურვილს, რომ, კვლევების რომელიღაც კომპონენტი შეიძლება იყოს გასაძლიერებელი, ჩვენ იგივე ფორმატით შევიკრიბებით, მოვისმენთ მათ რეკომენდაციებს, შევიმუშავებთ მათი გადაჭრის გზებს და წარვუდგენთ კომპანიას. ეს არის გარანტია იმისა, რომ პროექტი სრულიად უსაფრთხო იქნება. გარდა ამისა, ინფორმაცია ამ პროექტის უსაფრთხოების შესახებ ფართოდ ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის და ეს არის სწორი პროცესი," - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, თუკი საზოგადოებაში, მათ შორის, ექსპერტულ წრეებში დამკვიდრდა აზრი, რომ პროექტს აქვს გარკვეული რისკები, რომელთა გამორიცხვა არ მოხდა, თუმცა შეიძლება გამოირიცხოს შემდგომში სწორი კვლევების შედეგად, ხელისუფლება ვალდებულია, ამაზე შესაბამისი პასუხი გასცეს და რეაგირება მოახდინოს.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე სამშენებლო ნებართვა მოსამზადებელ სამუშაოებზეა გაცემული, რომელიც ადგილზე სამშენებლო ბანაკის გამართვას და სხვადასხვა ტიპის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოიცავს.

„ეს სამუშაოები არ მოიცავს კაშხალს. თუმცა რაც შეეხება დანარჩენ ინფრასტრუქტურას, მისი მოსამზადებელი სამუშაოები უნდა გაგრძელდეს. პრაქტიკულად, სამუშაოები არც შეწყვეტილა, კომპანია ადგილზეა, ტექნიკა იქ არის, მუშები იქ არიან და გაგრძელდება ნორმალურ რეჟიმში. ასევე შეგახსენებთ, რომ 28-კილომეტრიანი გზის საკმაოდ დიდ მონაკვეთს კომპანია შეაკეთებს ან ახლიდან ააშენებს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს. აქ რაიმე რისკები, რომელთაც ჩვენი ექსპერტებიც ხედავდნენ, არ არსებობს. მთავარი კითხვები იყო კაშხალთან და წყალსაცავთან დაკავშირებით და ჩვენ საკმარისი დრო გვაქვს იმისთვის, რომ მოვისმინოთ რეკომენდაციები და გამოსწორების მითითებები მივცეთ კომპანიას და უკვე ამის საფუძველზე გაიცეს ნებართვა კონკრეტულ ნაგებობაზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო