ალეკო ელისაშვილი - ოპოზიციას არანაირ ვერსიაზე ხელის მოწერა არ უნდოდა, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებელს“, ეგეც ქოშებს უკუღმა ყრიდა - ზურაბიშვილისთვის დაბრალება არასერიოზულია, ბარემ დანიელსონს დავაბრალოთ

ოპოზიციას არანაირ ვერსიაზე ხელის მოწერა არ უნდოდა, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებელს“ - ეგეც ქოშებს უკუღმა ყრიდა. სალომე ზურაბიშვილისთვის დაბრალება არასერიოზულია, დანიელსონს დავაბრალოთ ბარემ,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, დოკუმენტში ერთმნიშვნელოვნად ხელმოწერის მომხრე ვახტანგ მეგრელიშვილი იყო, „ქართული ოცნება“ კი გარკვეული დათქმებით ხელმოსაწერად იყო მზად.

„ვახო მეგრელიშვილი არ ყოფილა, ვინც შეთანხმებას ხელი კრა. ის იყო ერთადერთი, ვინც ამბობდა, მზად ვარ, ხელი მოვაწერო შეთანხმებასო, მაგრამ თავიდანვე რომ შევედით, ბატონი დანიელსონისგან ითქვა, რომ ამ დოკუმენტს ან ყველა აწერს ხელს ან არავინო. ღია მზაობა ჰქონდა ვახო მეგრელიშვილს და მეც ვამბობდი, რომ კი. ვამბობდი, რომ, რაც აქ ხდება, დიდი უპასუხისმგებლობაა და კომპრომისებია საჭირო. სინამდვილეში ძალიან სამარცხვინო ამბები ხდებოდა. ვამბობდი გუშინ შესვლამდე, დღეს გამოჩნდება, ვის უყვარს ქვეყანა და ვის - არა. აღმოჩნდა, რომ დანიელსონს, კელი დეგნანს და კარლ ჰარცელს უყვართ ეს ქვეყანა და ქართველ პოლიტიკოსებს, ვინც იქ ისხდნენ, იყვნენ, მათ არ უყვართ“,- განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან ელისაშვილის თქმით, „მოლაპარაკების მაგიდა მკლავჭიდის მაგიდა არ არის, რომ ერთმა აუცილებლად ხელი გადაუწიოს მეორეს“.

„გუშინ კიდეც ერთხელ ვნახე, როგორ ცდილობდნენ ხელის გადაწევას. დანიელსონი ასეთი კორექტული კაცი რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი... მის ტვინში ალბათ გინებები ტრიალებდა. მეტის ღირსები ვიყავით, უბრალოდ კორექტული და გაწონასწორებული კაცია, თორემ ისეთი სახე ჰქონდა, ვინ ყოფილხართო, სახეზე ეწერა. კაცი შეხვედრის წინ გეუბნება და ევროპარლამენტი განცხადებას ავრცელებს, ქვეყნის ინტერესები პირად ინტერესებზე წინ დააყენეთო და 8 საათი გივლის აქედან და იქიდან, რომ იქნებ რამე დაგათმობინოს, მაგრამ არა - შენ მუშტის ბრახუნით ხარ დაკავებული - წარმოიდგინე, რა დღეში იყო ის კაცი“,-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა. მედიატორ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით მხარეები რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. შეხვედრაზე მედიატორებმა პოლიტიკურ მხარეებს კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე მათ მიერვე მომზადებული დოკუმენტი გააცნეს, თუმცა, პოლიტიკურმა პარტიებმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“, ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მოლაპარაკების პროცესში ყველაზე დესტრუქციული როლი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეასრულა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა