დიმიტრი ხუნდაძე - სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მედპერსონალის პარტნიორული როლი ვაქცინაციის პროცესში გაზარდოს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განაცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო გაიზარდოს საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიები, რაც ხელს შეუწყობს ვაქცინაციისადმი ნდობის გაზრდას.

ხუნდაძე აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის პროცესში მედპერსონალის აქტიური ჩართულობის გარეშე სასურველი შედეგის მიღწევა რთული იქნება.

„ქვეყანა ვაქცინაციის ტემპს ნელ-ნელა, ეტაპობრივად ზრდის. მიუხედავად არსებული ხარვეზებისა პროცესი იხვეწება. სხვადასხვა მწარმოებლებთან მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები ვაქცინის იმპორტის გაზრდის მიზნით, თუმცა მათი საერთაშორისო აღიარება უცვლელ პირობად უნდა დარჩეს მისი გამოყენებისთვის, ისევე როგორც მოქალაქეების ვაქცინაცია უნდა მოხდეს მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც შესაბამისი რეანიმაციული მომსახურების შესაძლებლობები არსებობს. ვაქცინაციის გეგმის მიხედვით დასახელდა სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფების ჩართულობაც. ვფიქრობ ამ ჩამონათვალს რეზიდენტებიც უნდა დაემატონ, რადგან ეპიდვითარების შესაძლო გაუარესების შემთხვევაში, მათი აუცილებელი მონაწილეობის დროს, მათსავე ჯანმრთელობას წინსწრებით დავაზღვევთ.

მნიშვნელოვანი და აუცილებელია საინფორმაციო- საგანმანათლებლო კამპანიის კიდევ უფრო გააქტიურება, რაც ვაქცინებისადმი ნდობას გაზრდის. თუმცა მედპერსონალის, როგორც პროცესის მთავარი პარტნიორების, აქტიური ჩართულობის გარეშე სასურველი შედეგის მიღწევა რთული იქნება, არადა ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინებისადმი სანდოობის გაზრდისთვის მათაც უფრო მეტი ინფორმაცია სჭირდებათ. მითუმეტეს, როცა საზოგადოების 74% ყველაზე სანდო ინფორმაციის მიმწოდებლად, სრულიად ლოგიკურად, სწორედ მათ მიიჩნევს. დღეს ვაქცინაცია და მისი მნიშვნელობა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ის პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებზე გადის. ეს ის შემთხვევაა, როცა თითოეული მოქალაქე ვაქცინაციით და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვით ქვეყნის ინტერესებს და მის უსაფრთხოებას იცავს, არადა ჩვენი ქვეყნის ისტორიას, თუ გადავხედავთ, მათ შორის უახლესსაც, ამის კეთება პირიქით, სიცოცხლის დათმობის ფასად უწევდათ გმირებს”, - განაცხადა ხუნდაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო