რუის-ურბნისის ეპარქიის პრესცენტრის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ძამას ხეობაში, მონაზონსა და შატბერდის მონასტრის წინამძღვარს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

რუის-ურბნისის ეპარქიის პრესცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელმონაზონი იერონიმე (ქათამაძე) ადასტურებს ინფორმაციას, რომ ძამას ხეობაში, მონაზონი პაისი შატბერდის მონასტრის წინამძღვარს, მამა დამიანეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მონაზონ პაისს მონასტერში შფოთის შემოტანის მცდელობა ჰქონდა, რის გამოც მას მონასტრის წინამძღვარმა მოუწოდა, ადგილი დაეტოვებინა.

მღვდელმონაზონ იერონიმეს (ქათამაძე) განმარტებით, აღნიშნულის გამო, მამა პაისი გაღიზიანდა და წინამძღვართან, ასევე ადგილზე მყოფ სხვა ადამიანებთან ფიზიკური შეხება დაიწყო.

„შატბერდის მონასტერში, ძამას ხეობაში სტუმრად მონაზონი პაისი იმყოფებოდა, რომელიც ჩვენს ეპარქიას არ ეკუთვნის. აღნიშნულმა პიროვნებამ კონფლიქტის ერთგვარი წაქეზება მოახდინა. როდესაც მონასტრის წინამძღვარმა შეატყო, რომ მისგან იყო მცდელობა, მონასტერში ერთგვარი შფოთი შემოეტანა, მოუწოდეს, დაეტოვებინა ადგილი, სადაც ის დადგენილ წესებს არ ემორჩილებოდა. ამის შემდგომ ის გაღიზიანდა და წინამძღვართან, სხვა ადამიანებთან, ვინც იქ იმყოფებოდა, ფიზიკური შეხება დაიწყო“,- განაცხადა მღვდელმონაზონმა იერონიმემ (ქათამაძე).

კითხვაზე, რამ გამოიწვია მონაზვნის გაღიზიანება, მღვდელმონაზონმა აღნიშნა, რომ საკითხს ამ ეტაპზე იკვლევენ.

„ამის მიღმა ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ ჩვენ საკითხს კარგად ვიკვლევთ. მანამდე კი, ეპარქიიდან არის მოწოდებული, რომ ეს პიროვნება ოფიციალურად უნდა წავიდეს. არ ვიცი, უკვე დატოვა ტერიტორია თუ არა, მაგრამ მას მოუწოდეს ეპარქიის მხრიდან, რომ აუცილებლად დატოვოს ტერიტორია, სადაც სტუმრად იმყოფებოდა და სადაც შფოთი შემოიტანა“, - განაცხადა მღვდელმონაზონმა იერონიმემ (ქათამაძე).

მისი განმარტებით, მამა პაისი მონაზონია და მას არანაირი მღვდელმოქმედების უფლება არ აქვს.

გარდა ამისა, მღვდელმონაზონმა იერონიმემ არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ინციდენტის დროს ვინმე დაშავდა ან დაიჭრა.

„აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ, მსგავსი არაფერი გვსმენია“,- განაცხადა მღვდელმონაზონმა იერონიმემ (ქათამაძე).

მისი თქმით, რადგან მონაზონი პაისი რუის-ურბნისის ეპარქიის წარმომადგენელი არ არის, მას მხოლოდ იმას მოუწოდებენ, რომ ტერიტორია დატოვოს.

მისი შეფასებით, მსგავსი ფაქტები აღარ უნდა განმეორდეს, რადგან „სასულიერო პირის სტატუსს არცხვენენ“.

„ნებისმიერი სასულიერო პირი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რომ მსგავსი შემთხვევები არ მოხდეს, მითუმეტეს, მოგეხსენებათ, მძიმე მარხვის პერიოდია. ასეთ ვითარებაში, არათუ ჩხუბი, არამედ ხმამაღალი სიტყვაც კი არ უნდა მოდიოდეს სასულიერო პირის მხრიდან. როდესაც ასეთ რაღაცებს აკეთებს მონაზონი, ძალიან დიდი დარღვევაა“,- განაცხადა მღვდელმონაზონმა იერონიმემ (ქათამაძე).

ცნობისთვის, ძამას ხეობაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მონაზონ პაისს შატბერის მონასტრის წინამძღვარმა, მამა დამიანემ მოსთხოვა, რომ მონასტერი დაეტოვებინა, რასაც ის არ დაემორჩილა და დაპირისპირება მოხდა. ტელეარხის ინფორმაციით, შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა და დაიჭრა რამდენიმე პირი.

„ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ში აზუსტებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს