ომბუდსმენი - პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის თვალსაზრისით, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში კვლავ მძიმე მდგომარეობაა

პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის თვალსაზრისით, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში კვლავ მძიმე მდგომარეობაა, - აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, დაწესებულებების განყოფილებებში შესასვლელი კარები ჩარაზულია და პაციენტები ვერც ეზოში და ვერც ეზოს გარეთ ვერ გადიან, მაშინ როდესაც არ არსებობს ექიმის მიერ ამ უფლების უკიდურესი აუცილებლობის გამო შეზღუდვის თაობაზე მიღებული რაიმე გადაწყვეტილება.

„ფსიქიატრიული ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გადაწყვეტილება და პაციენტს შეუზღუდოს ისეთი უფლებები, როგორიცაა: ტელეფონით სარგებლობის უფლება; სტაციონარის ხანმოკლე დროით დატოვების უფლება; წერილების, ამანათების და მნახველების მიღების უფლება; პირადი ნივთების ქონის უფლება; აუდიოვიზუალური ინფორმაციის მიღების უფლება და ასევე, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე გასაგები ინფორმაციისა და სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის უფლება. სახალხო დამცველის შეფასებით, ზემოაღნიშნული უფლებების ბლანკეტურად შეზღუდვის შესაძლებლობა ადამიანის უფლებათა სტანდარტებს არ შეესაბამება.

სახალხო დამცველის აზრით, ისეთი ტიპის უფლებების შეზღუდვა, როგორიცაა საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიღება ან ტელეფონით სარგებლობა, გაუმართლებელია და ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა ინტერესების დაცვას. აღსანიშნავია, რომ კანონში მითითებული არ არის, რა მაქსიმალური ხანგრძლივობით არის დასაშვები შეზღუდვა. შესაბამისად, იმისათვის, რათა ექიმებმა თვითნებურად არ მიიღონ გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ უფლებასთან მიმართებით, მკაფიოდ გაიწეროს პროცედურა. კანონმდებლობის თანახმად, ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს უფლება აქვთ, სტაციონარიდან გაწერის გარეშე, ხანმოკლე დროით დატოვონ სტაციონარი, მაგრამ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტები საერთოდ ვერ სარგებლობენ ამ უფლებით. დაწესებულებების განყოფილებებში შესასვლელი კარები ჩარაზულია და პაციენტები ვერც ეზოში და ვერც ეზოს გარეთ ვერ გადიან, მაშინ როდესაც არ არსებობს ექიმის მიერ ამ უფლების უკიდურესი აუცილებლობის გამო შეზღუდვის თაობაზე მიღებული რაიმე გადაწყვეტილება“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის თანახმად, 2020 წლის განმავლობაში, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 3 ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 5 პრევენციული ვიზიტი განახორციელა. ვიზიტების შედეგად დადგინდა, რომ პაციენტებს შეზღუდული აქვთ ტელეფონით სარგებლობის უფლებაც.

„შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“, ასევე, შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ პაციენტებს ჩამორთმეული ჰქონდათ მობილური ტელეფონები. პაციენტებს თვითნებურად აქვთ შეზღუდული ტელეფონით სარგებლობის უფლება, კანონით გათვალისწინებული წერილობითი დასაბუთების გარეშე. დაწესებულებების თანამშრომლები პაციენტებისთვის ტელეფონის ჩამორთმევას იმით ხსნიან, რომ პაციენტის ოჯახი წუხდება განხორციელებული ზარებით, რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს. ზემოაღნიშნული გარემოებები ამძიმებს პაციენტთა მდგომარეობას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტების მონახულება აკრძალულია. იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო პაციენტთა საზოგადოებაში ინტეგრაციას და რესოციალიზაციას უნდა უზრუნველყოფდეს, ბენეფიციარები მსგავსი მოპყრობით საპირისპირო შედეგს იღებენ“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო