ზურაბ ჯაფარიძე - კრემლის საჯარო რუპორებმა უნდა იცოდნენ, რომ მათთვის საყვარელი სტუმარ-მასპინძლობა დამთავრებულია და აქ ვეღარ გაწელავენ ელარჯს

შეიძლება კვერცხების სროლა და რაღაცები არ მოგწონდეს, მაგრამ კრემლის საჯარო რუპორებმა უნდა იცოდნენ, რომ მათთვის საყვარელი სტუმარ-მასპინძლობა დამთავრებულია და ვეღარ გაწელავენ აქ ელარჯს, - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოში რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, საზოგადოების ნაწილის რეაქცია, რაც პოზნერს დახვდა, სწორი იყო.

„საუბარია კონკრეტულ ადამიანზე, რომელიც ათეულობით წელი ჯერ, საბჭოთა კავშირის, საბჭოთა ბოროტების იმპერიის ერთ-ერთი მთავარი პოპულარული „გამპრავებელი“ იყო დასავლეთში და ამის შემდეგ გადაიქცა კრემლის იგივე ტიპის ინსტრუმენტად. ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ რუსეთის ყველა მოქალაქეს სდიოს აქ ვინმემ, შემოვა თუ - არა. სიმართლე გითხრათ, მე შემოსვლაც არ მგონია პრობლემა. ცხადია, შეიძლება გქონდეს დაწესებული, რომ მაგალითად, სამხედრო მოქმედებებში თუ აქვს პირს მონაწილეობა მიღებული, ან თუ ინფორმაცია აქვს სპეცსამსახურებს, რომ ვიღაც დივერსიას, ან ტერაქტს აწყობს, ასეთ შემთხვევაში აუკრძალო შემოსვლა. სხვა შემთხვევაში, მგონია, რომ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შემოსვლის უფლება, ისევე როგორც პოზნერს, ოღონდ, სწორი არის ის რეაქცია, რომელიც მას დახვდა. ფორმა შეიძლება არ მოგწონდეს, კვერცხების სროლა და რაღაცები, მაგრამ ამას თავი რომ დავანებოთ, სწორი არის ის, რომ ასეთმა ადამიანებმა, ვინც საჯარო ადამიანები არიან და საჯარო რუპორები არიან კრემლის, იცოდნენ, რომ მათთვის საყვარელი სტუმარ-მასპინძლობა დამთავრებულია და ვეღარ გაწელავენ აქ ელარჯს. არ სჭირდება ამას დამატებით რაღაც სქემები. ის, რაც მოხდა, იყო კარგი და სწორი, ყოველ შემდეგ ჯერზე, თუ ასეთი ვინმე გაბედავს საქართველოში და შემოვა, უნდა დახვდეს იგივე პასუხი და ასეთები მოერიდებიან, თორემ რიგით რუს ტურისტებს საქართველოში არასდროს არავინ ერჩოდა და არც ახლა არავინ ერჩის.

მთავარი არის - სწორი იყო ის ამბავი, რაც ხდებოდა, თუ არ იყო სწორი. ჩემი აზრით, სწორი იყო, ასეთმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ აქ კომფორტში ვერ იქნებიან და ის, რაც მათ წარმოუდგენიათ, რომ საქართველო არის რუსეთის რაღაც შენაერთი, მინაერთი, მინაშენი, უკანა ეზო, თუ გუბერნია, სადაც ისინი ჩავლენ და კარგი ამინდი დახვდებათ, მზეზე გაირუჯებიან, გაუმასპინძლდებიან, გემრიელ ქართულ საჭმელს შეჭამენ, ქართულ ღვინოს დალევენ და მერე ქართველები უცეკვებენ, ტაშ-ფანდური იქნება, ელარჯს გაწელავენ, მათთვის ეს ამბავი აღარ იქნება კომფორტული არა ზოგადად, ეთნიკური რუსებისთვის, ან რუსეთის მოქალქეებისთვის, არამედ კონკრეტულად ასეთი ადამიანებისთვის, რომლებიც კრემლის ინსტრუმენტები იყვნენ ათწლეულების განმავლობაში“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა