იაგო ხვიჩია - ოპოზიციაში ხალხია, ვისაც სურდა, რომ "გავრილოვი" მოეწყო, სხვანაირად ხალხი ქუჩაში ვერ გამოიყვანეს - გავრილოვის „ქეისი“ სხვაა, ხოლო რესტორანში პრორუსი მოხვდება თუ პროსტალინისტი, ამაზე ნერვიულობა, სისულელეა

ოპოზიციაში არის ხალხი, ვისაც სურდა, რომ ხელისუფლებისთვის გავრილოვი მოეწყო, სხვანაირად ხალხი არ ვარდება, ქუჩაში ვერ გამოიყვანეს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც ხვიჩიამ განაცხადა, გავრილოვის „ქეისი“ სხვაა, რადგან ის საკანონმდებლო ორგანოში თავმჯდომარის სავარძელში იჯდა, ხოლო რესტორანში ვინ მოხვდება - პრორუსი, პროქართველი, თუ პროსტალინისტი, ამაზე ნერვიულობა სისულელეა.

იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, რომ „ახლა საკუთარი თავი გავიბანძეთ“.

„ჯერ მადლობას უხდიდნენ გახარიას "კომენდანტის საათის" დაწესებისთვის და მთელი ამ სიგიჟის გამო, იგივე აქტივისტები გამოდიან „გახსენით ქვეყანა - მოთხოვნით. ცხადია, ზურაბ ჯაფარიძეს არ ვგულისხმობ. გუშინ ეს ხალხი ამბობდა, ნახეთ, "კომენდანტის საათს" არ ემორჩილება პოზნერიო, ანუ ის ხალხი, რომელიც "კომენდანტის საათის" გაუქმებას ითხოვდა, გუშინ რეკავდა პოლიციაში და ამბობდა, "კომენდანტის საათს" არღვევს პოზნერი დაიჭირეთო, ეს ჩემთვის პრინციპულად მთავარია. პოზნერი თუ გინდა, კიდევ იყოს აქ ერთი კვირა, ოღონდ მთავრობამ მოხსნას შეზღუდვები, მთავარი პრობლემა ეს ხომ არის და მართლა პოზნერის ვიზიტი ხომ არ არის პრობლემა. საქართველოში უამრავი ცუდი ადამიანი ჩამოდის და ზოგადად, ჩვენ ირგვლივ ბევრი ცუდი ადამიანი დადის, პოზნერის ნათქვამი არის მონაგონი, ხალხი ისეთებს ლაპარაკობს, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი დადიან სხვადასხვა ქვეყნებში, ჩვენთანაც, ჩვენებიც ლაპარაკობენ სიგიჟეებს და დადიან სხვაგან. იმის გამო, რომ უნდა მივუვარდეთ და რაღაც ვქნათ, რაც გუშინ მოვაწყვეთ, მართლა არ მესმის.

ეს უბრალოდ ცირკია, სულ სხვა მიზნის გამო მოწყობილი ცირკი და არა იმის გამო, რომ ქართველი ხალხი გულწრფელად აღშფოთდა ვიღაც პუტინისტი რუსის ჩამოსვლაზე საქართველოში. იცით, რამდენი პუტინისტი რუსი ჩამოდის ყოველდღიურად და მოძრაობს საქართველოში? ამის გამო რუსებს ვუვარდებით და ვეკითხებით, ხმა პუტინს მიეციო? მე უბრალოდ არ მესმის ასე ქმედების შინაარსი, მესმის მხოლოდ იმ არგუმენტის გამო, რითაც ის იყო მოწყობილი - ოპოზიციაში არის ხალხი, ვისაც უნდოდა, რომ ხელისუფლებისთვის გავრილოვი მოეწყო, სხვანაირად ხალხი რომ არ ვარდება, ქუჩაში ვერ გამოიყვანეს, ამ შემთხვევაში საჭირო გახდა მოფიქრება იმის, რომ ნახეთ გავრილოვი მოგვიყვანესო. გავრილოვის „ქეისი“ სხვა რამეა, ის საკანონმდებლო ორგანოში თავმჯდომარის სავარძელში იჯდა. ეს ადამიანი მოვიდა, რესტორანში იჯდა, ორივე პუტინისტია, ორივე ცუდი ადამიანია. ჩვენ ახლა გვინდოდა, რომ პარლამენტის სავარძელზე ჩამჯდარი ადამიანის მსგავსად მოვქცეულიყავით იმ ადამიანთან, რომელიც რესტორანში დაჯდა და გვინდოდა, ამაზე საზოგადოება აგვეგდო. რესტორანში ვინ მოხვდება, პრორუსი, პროქართველი, თუ პროსტალინისტი, ამაზე ნერვიულობა სისულელეა.

თუ ჩვენ მაგრები ვიყავით, ხომ შეიძლებოდა ბატონო პოზნერი მოგვეწვია სტუდიებში, ჟურნალისტები იქაც მისულიყვნენ და ეკითხათ, რას ერჩოდა საქართველოს, ეს გადაგვეყვანა ცივილურ საუბარში, სადაც გამოვიჭერდით ამ სტუმარს, თუ ამ სტუმრის გაბანძება გვინდოდა, ახლა საკუთარი თავი გავიბანძეთ, სტუმარიც გავაბანძეთ კი, შერცხვა სხვა ადამიანებთან, მაგრამ ამ ისტორიაში ჩვენ როგორ გამოვჩნდით ამაზე, ვინმეს უფიქრია?“, - განაცხადა ხვიჩიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა