ვანო მაჭავარიანი - „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააცნობიეროს, რომ ოპოზიციის “გადაგდება” და ევროკავშირის “გადაგდება” ერთი და იგივე არ არის

„ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააცნობიეროს, რომ ოპოზიციის “გადაგდება” და ევროკავშირის “გადაგდება” ერთი და იგივე არ არის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ვანო მაჭავარიანმა განუცხადა, რითაც შეაფასა ევროპარლამენტრების განცხადება, რომლის თანახმადაც, ევროპარლამენტმა შესაძლოა საქართველოს შემდგომი ფინანსური დახმარება შეუჩეროს.

ვანო მაჭავარიანის თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებაში საუბარი არის ორივე მხარეზე, ოპოზიციასა და ხელისუფლებაზე, რომ მათ პასუხისმგებლობა აქვთ იმაზე, რომ ქვეყნაში არსებული პოლიტიკური კრიზისი სახელმწიფოებრივ კრიზისში არ გადაიზარდოს, მმართველობისა და სტაბილურობის თვალსაზრისით არ შეიქმნას პრობლემა, მაგრამ ხაზგასმით არის საუბარი „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაზე. კერძოდ, მაჭავარიანის თქმით, მათ უნდა მიიღონ ის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს და საშუალებას მისცემს ოპოზიციას რეალურად იმუშაოს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში.

„ძალიან კარგად ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციას, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობის ამომრჩევლის მიერ იქნა არჩეული, საშუალება ექნება იმუშაოს პარლამენტში ყველა იმ ცვლილებაზე, რომელიც ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის გეგმაში არის წარმოდგენილი და ის წინაპირობა, რომელიც არსებობს, რომ საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებს არ უნდა იჭერდე და დასდევდე, ეს ნომერ პირველ საკითხადაა დაყენებული ყველა მოლაპარაკების დროს. ევროპარლამენტარებს ეს ძალიან კარგად ესმით, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც კრისტიან დანიელსონის მორიგი მცდელობა, დაეახლოვებინა პოზიციები და შეთანხმება მიღწეულიყო, ჩავარდა, რამაც თავისთავად ევროკავშირის რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ამიტომ, რა თქმა უნდა, როგორც წესი, დიპლომატიური საქმიანობის შემდგომი ნაბიჯი არის ქვეყნის მიმართ, ე.წ. პირობების შემოღება, რომელსაც შემდეგ უკვე მოყვება ფინანსური სანქციები, როგორც პიროვნული, ისე პოლიტიკური ლიდერების მიმართ, ასევე ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა. უნდა გააცნობიეროს „ქართულმა ოცნებამ“, რომ ოპოზიციის „გადაგდება“ და ევროკავშირის „გადაგდება“ ერთი და იგივე არ არის. ხოლო, ის შედეგები, რაც მოყვება ასეთ ხისტ პოზიციას, ოპოზიციის სიძულვილს, არ ექნება რაიმე შედეგი ქვეყნისთვის და არც მათთვის“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა

შეგასენებთ, რომ რომ ევროპარლამენტარებმა გაავრცელეს განცხადება და გამოთქვამენ წუხილს იმის გამო, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა ევროკავშირის მედიატორის კრისტიან დანიელსონის წინადადებაზე უარი თქვეს.

„პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა მოელოდნენ ევროკავშირის მხრიდან ჩვეულ საქმიანობასთან დაბრუნებას. ევროპარლამენტის მხრიდან იქნება განსაკუთრებული მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ფინანსური დახმარების კუთხით, მათ შორის, იქნება მოწოდება ფონდებიდან სახსრების შემდგომი გამოყოფის შეჩერებისკენ და პირობითობის ზრდისკენ, რაც დაკავშირებულია ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარებისა და ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამებთან", - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა