ზურაბ ბატიაშვილი - ევროპარლამენტარების განცხადება განგაშის ზარი უნდა იყოს - ხელისუფლების მცდელობაა, ქვეყანა დასავლური განვითარების გზას ჩამოაშოროს და ამას თავისი საფასური ექნება

ევროპარლამენტარების განცხადება განგაშის ზარი უნდა იყოს. ეს არის მკაფიო და მკაცრი სიგნალი იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს განვითარების გზას, წინააღმდეგ შემთხვევაში არა მხოლოდ ეს, დასავლეთის მხრიდან კიდევ დამატებითი ზომებია მოსალოდნელი, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საერთაშორისო საკითხების ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებას საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევაზე უარის თქმის შესახებ.

მისი თქმით, ევროპარლამენტარების განცხადება არის მკაფიო სიგნალი და ქვეყანა დასავლური განვითარების გზას რომ დაუბრუნდეს, საჭიროა სიტუაციის შებრუნება.

„ევროკავშირის მხრიდან ეს განცხადებები მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ ევროკავშირი არ არის სამხედრო გაერთიანება, ის არის ეკონომიკური და პოლიტიკური გაერთიანება. მათ რა ბერკეტებიც გააჩნიათ, ამის ამოქმედებაზე მიდის საუბარი. საქართველოს ხელისუფლების მცდელობაა, ჩამოაშოროს ქვეყანა დასავლური განვითარების გზას. ამას ექნება თავისი საფასური და ამას რაც მალე მიხვდებიან, მით უკეთესი იქნება. სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ, ხელისუფლება აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას და თავის ნაჭუჭში ცხოვრობს. ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს განგაშის ზარი. ეს არის მკაფიო და მკაცრი სიგნალი იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს ბუნებრივი განვითარების გზას, წინააღმდეგ შემთხვევაში არა მხოლოდ ეს, არამედ დასავლეთის მხრიდან კიდევ დამატებითი ზომები არის მოსალოდნელი.

ევროკავშირის ბუნება ვინც იცის, იგი არ არის ხოლმე ძალიან მკაცრი. მას დიპლომატიური მიდგომები აქვს და ცდილობს აგიხსნას, რა და როგორ. ვფიქრობ, რომ ამაზეც იქნებოდა მინიშნებები დახურულ კარს მიღმა, უბრალოდ, ეს არაფრად ჩათვალეს. ეს არის ძალიან მკაფიო სიგნალი და ჯერ კიდევ შეიძლება სიტუაციის შებრუნება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს დროული და საჭიროა“ , - განაცხადა ბატიაშვილმა.

ბატიაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის იმიჯზე ცუდად აისახება და ამ ყველაფერში უფრო მეტი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია.

„ამ ყველაფერზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას გააჩნია, რადგან მას აქვს ყველა ბერკეტი. უარი მოლაპარაკებებზე, რასაც ღიად აფიქსირებდნენ, არის ქვეყნის დამღუპველი. ახლა ევროკავშირმა ყველაზე მკაფიო სიგნალები გამოუშვა. რაც უფრო მალე მოეგება ქვეყანა და მისი პოლიტიკური ელიტა გონს, მით უფრო უკეთესი იქნება ეს ქვეყნისთვის.

ეს ყველაფერი ქვეყანაზე უარყოფითად აისახება და უკვე აისახა კიდეც. თავად ის ფაქტი, რომ სანქციების და დახმარების შეჩერების თემა განიხილება, ეს ქვეყნის იმიჯისთვის დამღუპველია. შემდგომში ნატოსთანა და ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც მსგავსი პრობლემები იქნება. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დასაწყისია“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო