თამარ გაბუნიას განცხადებით, ხვალ საქართველოში ჩინური ვაქცინა შემოვა, თუმცა, ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც „სინოფარმი“ ჯანმოს ავტორიზაციას მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ხვალ საქართველოში ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“ შემოვა, თუმცა, ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.

როგორც გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, „სინოფარმის“ ვაქცინის არჩევის საშუალება, ამ ეტაპზე, 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს და სამედიცინო პერსონალს შეეძლებათ.

„ჩინური ვაქცინის „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა ხვალ ჩამოვა. ამ ვაქცინას ევროპის ქვეყნებიდან ძალიან ფართოდ იყენებს უნგრეთი და აღიარებულია უნგრეთის მარეგულირებლის მიერ. მისი შენახვის პირობები +2 +8 გრადუსია. რაც შეეხება ავტორიზაციას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და შემდეგ რომელიმე მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია. დღემდე „მოდერნასაც“ არ აქვს ავტორიზაცია, თუმცა ბევრი ქვეყანა იყენებს. გუშინ გამოქვეყნდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კალენდარი და აპრილის შუა რიცხვებია მითითებული „სინოფარმის“, „სინოვაკის“ და „მოდერნასთვის“. დღეს ბაზარზე, გლობალურად, ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა არის რთული, ამიტომ ნებისმიერი პოტენციური ვაქცინა, რომელიც დაგვეხმარება ვაქცინაციის პროგრამის შესრულებაში და გეგმის მიღწევაში, მნიშვნელოვანია. იმ დაშვებით, რომ „სინოფარმი“ აპრილის ბოლომდე მიიღებს ავტორიზაციას, ამიტომ შევიძინეთ. ვაგრძელებთ კომუნიკაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რომ ნებისმიერი რისკი, თუ რამე არსებობს და გამოიკვეთა „სინოფარმის“ მოხმარებასთან დაკავშირებით, ჩვენთვის მაშინვე გახდეს ცნობილი“, - განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, „სინოფარმის“ ვაქცინა ისეთივე ადგილს დაიკავებს ვაქცინაციის პროგრამაში, რაც სხვა ვაქცინებს უკავიათ.

„ამდენად, არჩევანის უფლებაც იგივე რეჟიმში განხორციელდება, როგორც ეს ხდება „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინის შემთხვევაში, ლიმიტირებულ ფარგლებში, ბუნებრივია. ყველა სხვა წესი, რაც სხვა ვაქცინებზე მოქმედებს, იმუშავებს „სინოფარმისთვისაც“. 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს და სამედიცინო პერსონალს შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი „სინოფარმის“ სასარგებლოდ. „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის ჩვენ მზად ვიქნებით მომდევნო კვირიდან, თუმცა, გარკვეული პერიოდი დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას - ვსაუბრობთ ორ კვირაზე. სტატუსის მიღება დაგეგმილია აპრილის შუა რიცხვებში“, - განცხადა გაბუნიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო