გრიგოლ გეგელია - ბატონ ვოლსკის მინდა ვურჩიო, ევროპარლამენტარებზე უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური განცხადებების გაკეთებამდე, Google ან Wikipedia გამოიყენოს

ხელისუფლებას მოუწევს გაიგოს, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში იგივე ხრიკები არ გაუვა, რითაც ფონს გასვლას შინ ცდილობს, -ასე შეაფასა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ევროპარლამენტარების განცხადება, რომელშიც ისინი წუხილს გამოთქვამენ, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა ევროკავშირის მედიატორის კრისტიან დანიელსონის წინადადებაზე უარი თქვეს.

გრიგოლ გეგელიამ ამავე საკითხზე პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადება გააკრიტიკა და ურჩია, „არაკომპეტენტური განცხადებების გაკეთებამდე, Google ან Wikipedia გამოიყენოს“.

“ვოლსკის თურმე არ ჰგონებია, რომ 7 პარლამენტარის განცხადება საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიულ ურთიერთობებზე იმოქმედებს. ბატონ ვოლსკის მინდა ვურჩიო, ევროპარლამენტარებზე უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური განცხადებების გაკეთებამდე, Google ან Wikipedia გამოიყენოს. სამარცხვინო და კატასტროფულია, როდესაც 2021 წელს პარლამენტარად წოდებულმა ადამიანმა იმდენიც კი არ იცის, რომ ევროპარლამენტარები ცალობით არ ითვლება. პირველ რიგში, ეს შვიდი ადამიანი წარმოადგენს ევროპული პარლამენტის ყველა დიდ ფრაქციას - EPP, S&D, Renew Europe, Greens. შესაბამისად, მათი ნება საქართველოს საკითხზე სრულიად ევროპული პარლამენტის ნებას ასახავს.

მეორეც, სწორედ ამ შვიდი ადამიანის აზრი ქმნის ევროკავშირის პოლიტიკას საქართველოსა და რეგიონზე. და ბოლოს, ზუსტად ეს ჯგუფი წარმოადგენს ქართული დემოკრატიის ყველაზე დიდი ქომაგებსა და მეგობრებს ბრიუსელში. თითებზე თვლას და თავის დამშვიდებას, ვოლსკის ურჩევნია შეიგნოს, რომ ამ უმნიშვნელოვანესი შვიდი ადამიანის გარდა, "ქართული ოცნება" იღებს იგივე გზავნილს ვაშინგტონიდან, ევროპული საბჭოდან, ევროპული კომისიიდან. გასაგებია, რომ "ქართული ოცნების" ინტელექტი და ფანტაზია ვერასდროს ვერ სცდებოდა სკამების ცალობით თვლას, მაგრამ ხელისუფლებას მოუწევს გაიგოს, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში არ გაუვა იგივე ხრიკები, რითაც შინ ცდილობს ფონს გასვლას, რამაც საქართველო უფსკრულის პირას მიიყვანა”, - განაცხადა გეგელიამ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც გამოთქვამენ წუხილს იმის გამო, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა ევროკავშირის მედიატორის კრისტიან დანიელსონის წინადადებაზე უარი თქვეს.

„პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა მოელოდნენ ევროკავშირის მხრიდან ჩვეულ საქმიანობასთან დაბრუნებას. ევროპარლამენტის მხრიდან იქნება განსაკუთრებული მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ფინანსური დახმარების კუთხით, მათ შორის, იქნება მოწოდება ფონდებიდან სახსრების შემდგომი გამოყოფის შეჩერებისკენ და პირობითობის ზრდისკენ, რაც დაკავშირებულია ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარებისა და ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამებთან", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე საკითხს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმურა და აღნიშნა, რომ „ეს არის 7 ევროპარლამენტარის მიმართვა და იქ რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარია“. ვოლსკის თქმით, ევროპარლამენტარების ეს პოზიცია, როცა ისინი სანქციების დაწესებით "იმუქრებიან", გაუგებარია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს