ლევან იოსელიანი - ეს 7 ევროპარლამენტარი გახდება 17, შემდეგ 70 და საბოლოოდ, ეს ციფრი მოიცავს უმრავლესობას, რომელიც ამ პოზიციაზე იქნება

პოლიტიკაში ასე არ ხდება, რომ უპასუხისმგებლო ნაბიჯები რეაგირების გარეშე დარჩეს - ეს 7 ევროპარლამენტარი გახდება 17, შემდეგ 70 და საბოლოოდ, ეს ციფრი მოიცავს უმრავლესობას, რომელიც ამ პოზიციაზე იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც 7 ევროპარლამენტარის წერილს გამოეხმაურა.

როგორც იოსელიანი აღნიშნავს, ევროპარლამენტარების შეფასება მოსალოდნელი იყო.

„ამ ავტორთა უკან დგას საკმაოდ სოლიდური ჯგუფი ევროპელი პარლამენტარების და ეს 7 ადამიანი არ გამოხატავს მხოლოდ 7 კონკრეტული პარლამენტარის აზრს, ის გამოხატავს საკამოდ დიდი რაოდენობის ადამიანის, პრაქტიკულად ევროპელი პარლამენტარების აზრს. ეს ჩვენთვის არ იყო უცნობი ამბავი, მოსალოდნელიც იყო. როდესაც დანიელსონის მეორე ვიზიტის შემდეგ შედეგი ვერ იქნა მიღწეული, აშკარა იყო, რომ ამას კონკრეტული შედეგები მოყვებოდა.

პოლიტიკაში ასე არ ხდება, რომ უპასუხისმგებლო ნაბიჯები რეაგირების გარეშე დარჩეს. ევროკავშირი ამის შესახებ გვაფრთხილებდა, რომ თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ და გაჯიუტება გაგრძელდება, ევროპარლამენტი გადახედავდა საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას. დასანანი ისაა, რომ მთელ ამ ისტორიაში დაზარალდებიან საქართველოს მოქალაქეები, ვინც იმ 60 მილიონს დაკარგავს, თუ სანქციების პაკეტი ამოქმედდება. ღმერთმა ქნას, არ ამოქმედდეს და მანამდე იყოს გამოსავალი მოძებნილი. როდესაც თვეების განმავლობაში გაფრთხილებენ და არ ითვალისწინებ, ამას მოყვება ადეკვატური შედეგი“,- განაცხადა იოსელიანმა.

კითხვაზე, როგორ გამოჩნდება ოპოზიცია, თუ 5-თვიანი ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში შესვლას მაინც დათანხმდება, იოსელიანი ამბობს, რომ „ოპოზიცია გამოჩნდება იმდაგვარი პოლიტიკოსების ერთობად, ვისაც ქვეყანა რამედ მიაჩნია“.

„როგორ გამოჩნდებიან ისინი, თუ ამ პოლიტიკას გააგრძელებენ?! გარდა იმისა, რომ ძვირ პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან და სამომავლოდ, როგორც ოპოზიციური პარტიები დიდ დარტყმას მიიღებენ, დაზარალდებიან ჩვენი მოქალაქეები“, - განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, ლევან იოსელიანი მოლაპარაკების პროცესში პასუხისმგებლობას ორივე მხარეს - ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც აკისრებს, თუმცა ამბობს, რომ „ვადამდელი არჩევები არ არის საკითხი, რის გამოც ოპოზიციამ სხვა ყველა საკითხზე უარი უნდა თქვას“.

„ვადამდელი არჩევნები არ იმსახურებს იმას, რომ უარი ვთქვათ პროკურატურის, სასამართლოს რეფორმებზე - ეს აძლიერებს ამ ქვეყანას. არ გვინდაო რომ თქვეს კომიტეტის თავმჯდომარეობაზე, ამას არ ვითხოვთო. თუ არ ითხოვდნენ, რატომ წერია იმ დოკუმენტში 5 კომიტეტის თავმჯდომარეობის შესახებ. ცუდი კი არ არის ეს, არ არის საჭირო ზედმეტი თავმდაბლობა, ვითომ არ უნდათ, ძალიანაც უნდათ და ეს უნდა თქვა. იმიტომ, რომ ოპოზიცია მეტი დოზით უნდა იყოს ჩართული საპარლამენტო მუშაობაში და მეტი ბერკეტი უნდა ჰქონდეს. ეს აუცილებელია“,- განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარებმა გაავრცელეს განცხადება და გამოთქვამენ წუხილს იმის გამო, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა ევროკავშირის მედიატორის კრისტიან დანიელსონის წინადადებაზე უარი თქვეს.

„პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა მოელოდნენ ევროკავშირის მხრიდან ჩვეულ საქმიანობასთან დაბრუნებას. ევროპარლამენტის მხრიდან იქნება განსაკუთრებული მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ფინანსური დახმარების კუთხით, მათ შორის, იქნება მოწოდება ფონდებიდან სახსრების შემდგომი გამოყოფის შეჩერებისკენ და პირობითობის ზრდისკენ, რაც დაკავშირებულია ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარებისა და ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამებთან", - ნათქვამია განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო