მამუკა მდინარაძე - როცა პირობით დათქმებს, რაზეც ჩვენი ძალიან პატივსაცემი კოლეგები ევროპარლამენტიდან საუბრობენ, სანქციებს დაარქმევ, ეს საზოგადოების მოტყუებაა

ევროპარლამენტარების მხრიდან გარკვეული პირობითობა იყო გახმოვანებული დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროკომისია ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ის ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს, ევროკავშირი საქართველოს მიმართ სანქციების გამოყენებაზე საუბრობს.

„რაც შეეხება მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს, გამოწვევებს, ამაზეც ბუნებრივია, იყო მსჯელობა. ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიციური მედია და ჩვენი ოპონენტები მთელი დღის განმავლობაში თემას იმგვარად წევენ, თითქოს, ევროკავშირის სანქციებზეა საუბარი. პირდაპირ, გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, ეს არის ტყუილი. როცა პირობით დათქმებს, რაზეც ჩვენი ძალიან პატივსაცემი კოლეგები ევროპარლამენტიდან საუბრობენ, სანქციებს დაარქმევ, ეს არის საზოგადოების მოტყუება და ეს არის ძალიან ცუდი, ამას არ უნდა აკეთებდნენ.

რადგან მათი მხრიდან ულტიმატუმი იყო პრიორიტეტულად დაყენებული, ამის შემდეგ მოლაპარაკება ფიზიკურად არ მივიდა იქამდე, რომ სხვა მცირე დეტალები განხილული ყოფილიყო. პრინციპული წინააღმდეგობა ჩვენებთან არ ყოფილა, ჩვენ ხელს ვაწერდით დოკუმენტს, 3-4 შენიშვნაზეა საუბარი, რასაც ოპოზიციაც კი ვერ გაექცეოდა და დაეთანხმებოდა, რამდენიმე დეტალია, რაც ზოგ შემთხვევაში შეიძლება ტექნიკური ხასიათისაც იყოს. არათუ ხელმოწერასთან მივიდა საქმე, არამედ, არც კი გაგრძელდა მსჯელობა, რადგან მეორე მხრიდან დაყენებული იყო პრიორიტეტულად ულტიმატუმები“, - განაცხადა მდინარაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებასაც და აღნიშნა, რომ არც ერთი დასავლელი პარტნიორი არ გააკეთებს განცხადებას, რომელშიც პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე არ იქნება.

„ბუნებრივია, რომ არც ერთი პარტნიორი, არც ერთი მეგობარი, მითუმეტეს, თუ დასავლელ პარტნიორებზეა საუბარი, არასდროს გააკეთებენ ისეთ განცხადებებს, სადაც ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე არ იქნება საუბარი, იმ გუნდის პასუხისმგებლობაზე, რომელიც მართავს ქვეყანას. რაც არ უნდა პროცესები განვითარდეს და რაც არ უნდა მტყუანი იყოს ამაში ოპოზიცია, ვინმეს წარმოუდგენია, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა საერთოდ არაფერი არ არის იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდებაო, ვინმემ რომ თქვას? აქ ნიშანდობლივია, რომ ამ ფონზე, ისინი მკაფიოდ და ხაზგასმით მიუთითებენ ოპოზიციის პასუხისმგებლობაზეც, ეს არის ის ჩანაწერი, რომელსაც დიპლომატიური ეტიკეტი ვერ გასცდებოდა და ეს ნიშანდობლივობა ნიშნავს იმას, რომ მათაც რაღაც ხარისხის პასუხისმგებლობა მაინც უნდა აიღონ პროცესებზე, სადაც ისინი ულტიმატუმებს აყენებენ, ულტიმატუმის ფონზე, რაც არ უნდა ხელმოწერაზე მზაობა იყოს, ეს ხელმოწერები ვერ შედგება“, - აცხადებს მდინარაძე.

მისივე განმარტებით, ევროპარლამენტარების განცხადებაში გარკვეული პირობითობა იყო გახმოვანებული დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„რესურსსაც და გარანტიასაც ჰქვია სიმართლე, რომელიც ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მხარეს არის. თუმცა, სიმართლე არ გამორიცხავს პასუხისმგებლობას თუნდაც, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც „ქართული ოცნების“ ქმედებებიდან არ გამომდინარეობს.

როგორც ჩვენი ევროპელი კოლეგები, ასევე ჩვენც მივიჩნევთ, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც გარკვეული თუნდაც, ხელოვნური კრიზისები არსებობს, ხელისუფლება პასუხისმგებლობას უნდა გაექცეს, ეს არ არის სწორი მიდგომა. ჩვენ არ გავურბივართ პასუხისმგებლობას და მათი „ვორდინგიდანაც“ რომ გამოვიდეთ, თუ პასუხისმგებლობის 90% ჩვენ მხარეს არის, მათაც მოუწევთ, რომ თუნდაც, მათი შეფასებით იმ 10%-იანი პასუხისმგებლობის ფარგლებში რაღაც გააკეთონ იმისთვის, რომ ულტიმატუმები დათმონ, გვერდზე გადადონ და ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯები გადადგან. ეს არის დღის წესრიგი. მაშინ, როცა დღეს, მწვავე ეკონომიკური კრიზისია ქვეყანაში, მაშინ, როცა პანდემიამ ძალიან დაამძიმა ჩვენი ქვეყანა, ძალიან დააზიანა მთელი მსოფლიო, ჩვენზე გაცილებით ძლიერი ქვეყნები, მათაც მოუწევთ აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ეს ხელოვნური კრიზისიც კიდევ უფრო არ გაძლიერდეს“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების კარი ღია იქნება მაშინ, როცა ოპოზიცია მიხვდება, რომ ამ მოლაპარაკებების დროს ულტიმატუმებით ვერავინ გავა ფონს. „ამის შემდეგ, ჩვენ ამ მოლაპარაკებას მივუბრუნდებით“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო