3 თვეში უკანონო თევზჭერის 52 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან დღემდე, უკანონო თევზჭერის 52 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 3 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, უმეტეს შემთხვევაში, სამართალდამრღვევები თევზის მოპოვებას თევზჭერის აკრძალული საშუალებების - სახლართი ბადეებისა და ე.წ. ელექტროშოკური აპარატების გამოყენებით ახდენდნენ.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია 8 და დალუქულია 23 ერთეული მასობრივი განადგურების საშუალება. ასევე, 2000 მ სიგრძის სახლართი ბადეც დალუქულია.

უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 15 ფაქტი გამოვლინდა აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გამოვლენილია 9 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა უკანონო თევზჭერის 6 ფაქტი, ქვემო ქართლში - 4, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც - 4, კახეთში - 1, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზეც - 1.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი.

რაც შეეხება დედაქალაქს, 2021 წლის 1 იანვრიდან მარტის ჩათვლით, თბილისში, უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოვლინდა.

უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ, დაახლოებით, 22 კგ შეადგინა. უკანონო თევზჭერის იარაღები დაილუქა, საქმის მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. უკანონო თევზჭერის აღკვეთის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები არსებული რეგულაციების გამკაცრების საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობენ, რომლებსაც უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტს წარუდგენენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა