გიორგი კეკელიძე, „ბიბლუსის“ და „ანაგრამას“ წარმომადგენლებთან ერთად სოფელ დიცში ოჯახს ესტუმრა და ბიბლიოთეკა მოუწყო

4 აპრილს, წიგნის ჩუქების დღეს, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, „ბიბლუსის“ და „ანაგრამას” წარმომადგენლებთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში ელენე ბოლათაევა-მინდიაშვილსა და პატარა ელენე მინდიაშვილს ესტუმრა და ბიბლიოთეკა მოუწყო.

ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, გიორგი კეკელიძის ინიციატივით, წიგნის ჩუქების დღის წიგნის ჩუქების თვედ გადაქცევა იგეგმება. “ანაგრამა” და “ბიბლუსი” ამ იდეისა და მასთან დაკავშირებული აქციების აქტიური მხარდამჭერები არიან.

„სოფელ დიცში ჩავედით - ოკუპაციის გამყოფ ხაზთან. იქ ორი ელენე გველოდა - ბებია და შვილიშვილი - ელენე ბოლათაევა-მინდიაშვილი და პატარა ელენე მინდიაშვილი. ორივეს ძალიან უყვარს წიგნები და წიგნის ჩუქების დღის აღნიშვნა, რომელიც წელს წიგნის ჩუქების თვედ გვინდა ვაქციოთ, ბიბლუსთან და ანაგრამასთან, სწორედ ამ ოჯახიდან დავიწყეთ და ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ“ , - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

„ვუერთდებით გიორგი კეკელიძის ამ ინიციატივას და მთელი თვის განმავლობაში ვიქნებით წიგნის ჩუქების თვესთან დაკავშირებული აქციების მხარდამჭერები. 23 აპრილს კი იქნება კულმინაცია და თუ შეზღუდვებმა ხელი არ შეგვიშალა, მკითხველებსა და წიგნის მოყვარულებს განსაკუთრებულ დღეს ვპირდებით. #აჩუქეწიგნი საყოველთაო გამოწვევაა, რომელშიც უკვე ორი წელია უამრავი ადამიანი ერთვება და გვიხარია, რომ 23 აპრილი, უკვე იქცა ტრადიციად, როდესაც ყველანი საყვარელ ადამიანებს ვჩუქნით წიგნებს. წელს, გვაქვს მოლოდინი, რომ ამ გამოწვევაში კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას და იგი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. იმედს ვიტოვებთ, რომ წელს, კოვიდპანდემიის მიუხედვად, 23 აპრილს, დღესასწაულად ვაქცევთ’’ , - აცხადებს „ბიბლუსის“ მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი, თამუნა როსტიაშვილი.

„ანაგრამა ეროვნული ბიბლიოთეკისა და "ბიბლუსის" ამ ინიციატივის მხარდამჭერია, რადგან ვთვლით, რომ განათლების ამაღლების საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საზრუნავია და გვინდა, ჩვენი წვლილიც შევიტანოთ ამ საქმეში. წელს, პოსტპანდემიურ გარემოში, წიგნის ჩუქების აქტივობამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა როგორც მკითხველისთვის, ასევე ავტორებისთვის და გამომცემლობებისთვის. სწორედ ამიტომ, მიუხედავად პარალელურად არსებული არაერთი პრობლემისა, გვინდა, მთელი აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოვაცხადოთ და ყველას ვთხოვოთ, შემოგვიერთდნენ“ ,- აცხადებს „ანაგრამას“ დამფუძნებელი თაკო როდონაია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს