პროკურატურის ორგანიზებით, სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით, სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს სხდომა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრები, უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები, ევროკავშირის პროექტის „სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ ხელმძღვანელი ტერი სქაიფი, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში მაიკლ გრანტი, ევროკავშირის პროექტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის 2021-2025 წლის სტრატეგიის პროექტი და სისხლის სამართლის პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს. ახალი სტრატეგიის პროექტი „სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ პროკურატურის შემდგომი განვითარებისა და რეფორმირების გეგმას ითვალისწინებს. ასევე, შეხვედრის ფარგლებში, მენეჯმენტის შეფასების სისტემის პრეზენტაცია მოეწყო.

სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს სხდომა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა. როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, 2021-2025 წლის სტრატეგიაზე ინტენსიური მუშაობა, უკვე რამოდენიმე თვეა მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი შოთაძის თქმით, ახალი სტრატეგია საქართველოს პროკურატურის ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას შეეხება, კონკრეტულად კი, იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველოს პროკურატურა დგას

„ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში ინტენსიური მუშაობის შედეგად, უკვე იქნება პირველადი დოკუმენტი, რომელის პრეზენტაციას საქართველოს პროკურატურა გამართავს. ასევე საქართველოს პროკურატურის 2021-2025 წლის სტრატეგიასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსია მოეწყობა და შემდგომში რა თქმა უნდა, აღნიშნული სტრატეგიის დამტკიცება მოხდება. სტრატეგიაში მიმოხილულია ის ძირითადი პრიორიტეტული დანაშაულები, რომლის მიმართაც პროკურატურამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები მათ წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაზრდელად. კერძოდ, საუბარია კორუფციულ დანაშაულზე, ფულის გათეთრებაზე, ოჯახურ დანაშაულზე, დისკრიმინაციულ დანაშაულზე და სხვა. შესაბამისად, დოკუმენტის დამტკიცების შემდგომ, უახლოეს მომავალში მოხდება სტრატეგიის დოკუმენტის გასაჯაროება და ხელმისაწვდომი გახდება ყველა დაინტერესებული პირისთვის“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

ირაკლი შოთაძემ ასევე, მადლობა გადაუხადა ევროკავშირის პროექტის „სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ წარმომადგენლებს აღნიშნული შეხვედრის დაფინანსებისთვის და მხარდაჭერისთვის.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის პროექტის „სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ ხელმძღვანელმა ტერი სქაიფმა განაცხადა, მათი პროექტი აქტიურად იყო ჩართული როგორც ამ დოკუმენტის, ისე სტრატეგიასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმების შემუშავებაში.

„პროკურატურამ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და ასევე აღსანიშნავია, ადამიანური რესურსების მართვის მიმართულება. ამ კუთხით დიდი პროგრესი შეიმჩნევა, რადგანაც პროკურატურამ უკვე დანერგა ისეთი სისტემები, როგორიცაა, სამუშაოს შეფასების სისტემა და ასევე, აქტიურად მუშაობს სხვა საკითხებზეც. ჩვენი პროექტი განაგრძობს დახმარებას და მინდა, რაც შეიძლება მეტი ექსპერტი ჩამოვიდეს როგორც ევროკავშირიდან, ისე ინგლისიდან. პროკურატურას წარმატებას ვუსურვებ" - აღნიშნა ტერი სქაიფმა.

მათივე ცნობით, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩევლის სამართლებრივ საკითხებში მაიკლ გრანტის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ევროკავშირში დანერგილ საუკეთესო პრაქტიკას ითვალისწინებს, რომელიც პროკურატურას და პროკურორებს საშუალებას მისცემს ეფექტიანად განიხილონ ისეთი რთული საკითხები, როგორიცაა კიბერდანაშაული და სხვა.

„მოხარული ვარ, რომ დავესწარი სტრატეგიის დოკუმენტის განხილვას, რომელიც დამოუკიდებელი და მაღალი ხარისხის პროკურატურის ინსტიტუციის შექმნას ემსახურება“, - განაცხადა მაიკლ გრანტმა.

ამასთან, საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო – სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭო საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 2020 წელს შეიქმნა. საბჭოს უფლებამოსილებას პროკურატურის სისტემის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და განვითარების გეგმის სრულყოფა, პროგრამებისა და სხვა საჭიროებების განსაზღვრა, სისხლის სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე, მისი სახელმძღვანელო პრინციპების, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, საკითხების განხილვა და რეკომენდაციის გაცემა წარმოადგენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა